კორინავირუსი საქართველოში

მერაბიშვილი ეზუგბაიაზე: წამოცდენამ ცხადი გახადა - "ოცნება" მალავს ინფიცირებულთა რაოდენობას

რადიო თავისუფლება

"მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას", - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, Facebook-ზე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებას შემთხვევათა მატების და აგრესული ტესტირების ურთიერთკავშირის შესახებ.

"'არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული' - უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის ოცნების მთავრობის სტრატეგია", - წერს მერაბიშვილი.

მისი თქმით, ქართული ოცნება წლების მანძილზე ანალოგიურად აყალბებდა დანაშაულის სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და სხვა.

მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს.

"მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.

კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ", - წერს ის.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 9 699 PCR ტესტია ჩატარებული, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 2 431-ია. შედარებისთვის, სომხეთში ეს რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე - 5 852-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, PCR კვლევების გარდა, საქართველოში კლინიკებმა უკვე ჩაატარეს "2-3-4 000 სწრაფი ტესტი".

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, აგრესიული ტესტირების შედეგია. 

"ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 139, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კომენტარები