კორონავირუსი საქართველოში

შსს: გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 106 მოქალაქე დავაჯარიმეთ

CNN

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

პოლიციამ, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 63 მოქალაქე დააჯარიმეს.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.

ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ახალი შემთხვევა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით"- აცხადებენ უწყებაში.  

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8,665,000 ლარი შეადგინა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათიც ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რომელიც წვეთოვანი გზით გადაეცემა და რომელთა საბრძოლველადაც სოციალური დისტანცირება მსოფლიოში აპრობირებული ხერხია.

თუმცა, საქართველოში ამ წესებს არ იცავს საპატრიარქო - ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება, არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვლილა. 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ილია მეორეც იმყოფებოდა, რომელიც 87 წლისაა, ამასთან თანმდევი დაავადებები აქვს და მისი ინფიცირება განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველია. მიმდინარე კვირას არის დიდი ხუთშაბათიც, როცა განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ეზიარება, 19 აპრილს კი - აღდგომაა. ეკლესია მრევლს ტაძრებში ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას კი, მისთვის კანონის დარღვევისა და მომეტებული საფრთხის შექმნისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პიკი დღესასწაულებს დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები