კორონავირუსი საქართველოში

მოვემზადოთ ცუდი სცენარისთვის - ევრ. საქართველოს რეკომენდაციები ეროვნული გამოცდების შესახებ

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, მიმართავს, რომელმაც თქვა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება. 

რატიანის თქმით, ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, უკვე ამ წუთიდან რთული სცენარისთვის მომზადება, რის გამოც ხელისუფლებას გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. 

როგორც სერგო რატიანი ამბობს, ევროპული საქართველო ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდების შემცირება და მიზანშეწყონილად მიიჩნევს, განიხილონ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი. 

"უფრო ზუსტად, ვგულისხმობთ არსებული საგნობრივი გამოცდების იმ ფორმით მოდელირებას, რომ ერთ სასესიო დროში აბიტურიენტებმა კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის პროგრამის შინაარსის ჩაბარება შეძლონ. ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით საგნობრივი ჯგუფების პროგრამის შინაარსის გაერთიანებას. ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვა სახელმწიფო დაფინანსების არსებულ მოდელთანაც,"- ამბობს სერგო რატიანი მიმართვაში. 

დეპუტატისვე თქმით, დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა და ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც აბიტურიენტები დარეგისტრირებულები არიან, საგამოცდო ცენტრების ჩამყალიბება მოხდეს, მეტწილად კი სკოლებში. 

"უფრო ზუსტად, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვისათვის თანხის მოძიება. ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოთხი სასესიო საგნობრივი გამოცდის პირობებში, ერთ ცენტრში აღსაჭურვი იქნება 5-25 საგამოცდო სივრცე (უიშვიათესი შემთხვევა), რომელთა მართვა არსებული ადამიანური რესურსის პირობებშიც შესაძლებელია. ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურად განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით,"- წერს რატიანი. 

დეპუტატისვე თქმით, აუცილებელია, რომ სკოლებმა გააგრძელონ დისტანციური სწავლების ის ფორმა, რაც დაწყებული აქვთ, მათ შორის იგულისხმება სატელევიზიო პლატფორმა "ტელესკოლაც", თუმცა რატიანისვე თქმით, სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების მექანიზმები, რაც მიმდინარე პროცესის სავალდებულო და აკადემიურ ხასიათს განსაზღვრავს. 

"გამონაკლისი შემთხვევებისთვის შესაძლებელია, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, გამოყენებული იყოს ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების მიღების აპრობირებული მცდელობაც,"- ამბობს სერგო რატიანი. 

6 აპრილს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახანგრძლივდა ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, ეს არ ეხება ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღებს. 

"ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება,"- თქვა ჩხენკელმა. 

კომენტარები