კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: რელიგიურ დღესასწაულთა ტრადიციულ ფორმას მნიშვნელოვანი მატება შეიძლება მოყვეს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ რელიგიური დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შეიძლება, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება იყოს.

"თუ ის ჩატარდა ტრადიციული ფორმატით, შეიძლება მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და კატეგორიულად არ მინდა, ჩავერიო მის საქმეში, რაიმე რჩევები მივცე. მე მხოლოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ. უკვე არის სერიოზული საუბარი, თუმცა ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება, რომ არ ჩატარდეს ტრადიციული ფორმით და ჩატარდეს რაღაც შეზღუდული ფორმით, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ზოგიერთმა სხვა კონფესიებმა. თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს შეამცირებს - მაშინ არა", - თქვა ცერცვაძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს, 3 აპრილს თქვა, რომ საპატრიარქო სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით განმარტებას არ იძლევა

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიების უმცირესობაშია - არც წირვებს წყვეტს და არც ზიარების წესს ცვლის.  

საპატრიარქომ დღეს ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები