კორონავირუსი

ტიკარაძე: თუ ღონისძიებები ხარისხიანად არ გატარდა, დღეში რამდენიმე ასეული პირი დაინფიცირდება

ჯანდაცვის მინიტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პიკს საქართველო მაისის დასაწყისში ელოდება. Post Tv-სთან საუბრისას ტიკარაძემ აღნიშნა, რომ თუ ყველა ღონისძიება არ გატარდა საჭირო ხარისხით და თანმიმდევრობით, აპრილის ბოლოდან, ყოველდღიურად 50 და რამდენიმე ასეული პაციენტი დაინფიცირდება.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე სცენარი. შემდეგი კვირის ბოლომდე ჯერ კიდევ ველოდებით დაავადებულების იდენტიფიცირებას და მომატებას იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც შეიძლება, პერსპექტივაში იმპორტირებულ COVID-19 პაციენტებად იქნენ მოხსენიებული ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. ესენი არიან პაციენტები, რომლებიც ამ ეტაპზე იმყოფებიან კარანტინში” – ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ საუბარია 5 000-ზე მეტ მოქალაქეზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით, Covid 19-ით ინფიცირების ძირითადი შემთხვევები სწორედ საკარანტინო ზონებში არსებულ პაციენტებზე მოდის, თუმცა, აპრილის ბოლოდან არის მოლოდინი, რომ შიდა გავრცელება გაიზარდება.

“პიკს ველოდებით, რა თქმა უნდა, მაისის დასაწყისში და ეს იქნება რამდენიმე ასეული პაციენტი. თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, აპრილის ბოლოდან, ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ის ღონისძიება არ ჩატარდა იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც და თანმიმდევრობითაც ის უნდა გატარდეს” – ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფება- აკრძალულია სამ პირზე მეტის თავშეყრა, შეჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით და პირადი მანქანით შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში სამ ადამიანზე მეტი არ ზის. მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ბანკები, ფოსტა და სამშენებლო კომპანიები. 21:00-დან 06:00-მდე გამოცხადებულია კომენდანტის საათი. 

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო საქართველოში წირვა-ლოცვების შეწყვეტას არ აპირებს, მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელია მრევლი სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიას დაესწროს. კეკელია ტელეკომპანია ფორმულასთან ამბობს, რომ ადამიანები 21:00 საათამდე მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.

კომენტარები