იუვალ ნოა ჰარარი

იუვალ ნოა ჰარარი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა საზოგადოებას მეცნიერების ნდობა დააკარგინეს

Eye Shut Movies

მწერალმა და ისტორიკოსმა იუვალ ნოა ჰარარიმ Channel 4-ის ეთერში ჟურნალისტ კრიშნან გურუ-მარტის კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ სრულ ინტერვიუს ქართულ ენაზე:

როგორ იმოქმედებს ეპიდემია საზოგადოებასა და პოლიტიკაზე?

ეპიდემია გვაძლევს, უფრო ზუსტი რომ ვიყო - გვაიძულებს ახალი არჩევანი გავაკეთოთ. პროცესები დაჩქარებულია, ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წლები ვფიქრობდით, ახლა მნიშვნელოვანი საკითხები ერთ დღეში წყდება, მაგალითად ჩემი უნივერსიტეტი 20 წელია ონლაინ კურსების შემუშავებით არის დაკავებული, პანდემიის ფონზე ონლაინ სწავლებაზე გადასვლას ერთი კვირა დასჭირდა. კრიზისი რომ დასრულდება, უკან დაბრუნება რთული იქნება და მრავალ დარგში დღეს მიღებული გადაწყვეტილებები კანონიკური გახდება. ვერაფერს ვიწანასწარმეტყველებ, მაგრამ კაცობრიობა უნდა მიხვდეს რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

რასაც ვხედავთ ეპიდემია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სათვალთვალო სისტემების გაძლიერებას უწყობს ხელს. პირად უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას შორის არჩევანის გაკეთება რთულია, ამ პროცესს საფუძვლიანი შესწავლა უნდა, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს.

დიახ, საგანგებო მდგომარეობის დროს შემუშავებული მართვის მეთოდები შესაძლოა ყოველდღიურობაში გადმოვიდეს. ჰორიზონტზე ყოველთვის გამოჩნდება საფრთხე, სათვალთვალო ტექნოლოგიები ძალიან გვეხმარება კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო იტყვის რომ ეპიდემიის მეორე ტალღაა მოსალოდნელი და ჯობია მზად ვიყოთ, Covid-19-ის გარდა კიდევ არის ებოლა, სეზონური გრიპი, ათასი რამ. კორონავირუსის ეპიდემია შეიძლება სათვალთვალო ტექნოლოგიების განვითარების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს. სახელმწიფო ყოველთვის გითვალთვალებს, ადრე იცოდა სად დადიხარ და ვის ხვდები, დღეს უკვე იცის შენი სხეულის ტემპერატურა და არტერიული წნევა. უნდა გავიაზროთ რომ ეპიდემიის შეჩერების ერთადერთი გზა ტოტალური თვალთვალი არ არის. არჩევანი უნდა გავაკეთოთ დიქტატურას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შორის. თავისთავად ახალი ტექნოლოგიები ცუდი არ არის, უნდა მოხდეს მეტი ინფორმაციის გაზიარება და მონაცემებს არ უნდა იყენებდნენ ბინძური პოლიტიკური ძალები. მაგალითად ხელების დაბანა, მთავრობას შეუძლია გაიძულოს დაიბანო ხელები, დაგიყენოს აბაზანაში კამერები და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაგაჯარიმოს ან ციხეში ჩაგსვას, ან შენ თავად მიიღო მეცნიერული დასაბუთება, თუ რატომ არის ხელების დაბანა აუცილებელი, გაიაზრო და პასუხისმგებლობით მოეკიდო მარტივ ჰიგიენურ პროცედურას. 

გეთანხმები, რომ უმრავლესობაზე მსგავსი მიდგომა გაჭრის, მაგრამ არსებობს უმცირესობა, რომელიც უგუვებელჰყოფს რეკომენდაციებს და საფრთხეს უქმნის მთლიანად საზოგადოებას, ვირუსი კი აგრძელებს არსებობას.

რაღაც ტიპის კონტროლის წინაამღდეგი არ ვარ, მაგრამ პოლიციური რეჟიმითა და უპასუხისმგებლო მოქალაქეებით შექმნილი საზოგადოება გაცილებით საშიშია - როდესაც უმრავლესობის ან დიდი უმცირესობის მართვა არა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, არამედ ტოტალიტარული რეჟიმით გიწევს. ბოლო წლებში საჯარო პირებისადმი ხალხის ნდობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, არადა კრიზისულ სიტაციებში სწორედ საჯარო სექტორის ნდობაა გადამწყვეტი ფაქტორი. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა საზოგადოებას მეცნიერების ნდობა დააკარგინეს.

ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის კრახი, თქვენი აზრით სად არის ბალანსი პოპულისტ ლიდერებსა და გლობალიზაციას შორის?

ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება გლობალური თანამშრომლობა. ინფორმაციის გაცვლა, საჭირო რაოდენობის ინვენტარის წარმოება, სწორი გადანაწილება, ეს არ ნიშნავს რომ მდიდარი ქვეყნები ამ სფეროს მონოპოლისტები უნდა გახდნენ, ისინი ვალდებულნი არიან დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს. გვჭირდება სამედიცინო პერსონალის გადანაწილების გლობალური გეგმა, ერთი ქვეყნის ექიმი სხვა ქვეყნის პაციენტს უნდა დაეხმაროს და რა თქმა უნდა გვჭირდება თანამშრომლობაა ეკონომიკურ საკითხებში, გლობალური ეკონომიკური გეგმა აუცილებელია, განსაკუთრებით შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის. აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ შეძლებენ ფეხზე დადგომას, მაგრამ გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე, აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკაში რიგი ქვეყნების ეკონომიკა ჩამოიქცევა. სამწუხაროდ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის დღეს არ ხდება, რაშიც ბოლო წლებში მოძლიერებული ქსენოფობიური პოპულიზმია დამნაშავე. არ გვყავს გლობალური ლიდერი სახელმწიფო, 2014 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს და 2008 წელს, ფინანსური კრიზისის დროს ლიდერი ქვეყანა აშშ იყო. ყველასთვის ნათელია რომ ამერიკა აღარ არის მსოფლიოს ლიდერი, დღევანდელი ადმინისტრაცია ძირითადად საკუთარ თავზე ზრუნავს, აშშ-ს აღარ ჰყავს მეგობრები, გააჩნია მხოლოდ ინტერესები და რომც მოინდომოს, ამ კრიზისში ლიდერის როლს მაინც ვერ მოირგებს, იმიტომ რომ ნდობა დაკარგულია, არავინ გაყვება ლიდერს, რომლისთვისაც მთავარი საკუთარი თავია. 

როდესაც ყველაფერი დასრულდება, შეძლებს თუ არა საზოგადოება იმ დემოკრატიული ნორმების დაბრუნებას, რომელიც ეპიდემიამდე გააჩნდა?

ეს არის არჩევანი, გადაწყვეტილი არაფერია, ერთის მხრივ ეს პროცესები შეასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გააძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმებს. გასულ წლებში ნაციონალური სოლიდარობის გრძნობის ამაღლება სამწუხაროდ არასწორი გზებით ხდებოდა, პოლიტოკოსებმა საზოგადოება ბანაკებად დაანაწევრეს, ლიდერები მხოლოდ თავიანთი ბანაკის ინტერესებს ემსახურებიან, სხვა ბანაკებს არა პატივსაცემ მეტოქეებად, არამედ მოღალატეებად წარმოაჩენენ. შეიძლება მშვიდობიან დროს ქვეყანა ნახევარი მოსახლეობის მხარდაჭერით მართო, მაგრამ შეუძლებელია იგივე აკეთო კრიზისის დროს. აშშ-ში ორი ბანაკია: პრეზიდენტის ერთგულები მზად არიან მისი ნებისმიერი სიტყვა დაიჯერონ, მზე ამოდის დასავლეთიდან და ჩადის აღმოსავლეთით - თუ ლიდერმა ასე თქვა, ე.ი. ასეა. მეორე ბანაკი სრულიად საპირისპიროდ იქცევა, ეწინააღმდეგებიან მის ნებისმიერ განცხადებას, თუნდაც პრეზიდენტმა თქვას, რომ ერთს პლუს ერთი ორია. თავად ლიდერს აწყობს პოლარიზირებული გარემო, მაგრამ ვერ ითვალისწინებს, რომ ვირუსთან საბრძოლველად მას მთელი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება და არა ნახევრის.    

კომენტარები