დაავადებათა კონტროლის ცენტის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, კოლეგებს ურჩევს, სადაც შესაძლებელია, საავადმყოფოებში ორკვირიანი მორიგეობის პრაქტიკა დანერგონ და პერსონალი ორად გაყონ.
"ანუ, ერთი ნაწილი პერსონალის მუშაობს, მეორე ნაწილი ორი კვირა ისვენებს და მერე ესენი ჩაანაცვლებენ ერთმანეთს. ეს იმის საშაულებას მოგვცემს, რომ ნებისმიერ დაწესებულებამ უწყვეტი ციკლით იმუშაოს, ეს ეხება საავადმყოფოებსაც მათ შორის", - თქვა იმნაძემ ბრიფინგზე.
პაატა იმნაძის თქმით, ამ პრაქტიკის დანერგვა ეპიდსამსახურში შეუძლებელია, რადგან ლაბორატორია სამუშაოთი გადატვირთულია.
"მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის და იქ ორი კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, დანარჩენები სახლიდან მუშაობენ ამ პერიოდში და შემდეგ ეს ბრიგადები იცვლება. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უნდა იყვნენ სამსახურში", - თქვა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ საავადმყოფოებში ადგილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ადგილები საქართველოს ჰოსპიტლებში, საბედნიეროდ, გვაქვს."
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 23 პირი გამოჯანმრთელდა.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





