"არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი კოლეგა არის გმირი", - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ მედიკოსზე.
"ის ემსახურებოდა ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პაციენტისათვის მოევლო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა", - თქვა იმნაძემ.
იმნაძის ინფორმაციით, მისი ყველა კონტაქტი მოკვლეულია.
30 მარტს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამედიცინო სექტორიდან კორონავირუსით 1 პირი დაინფიცირდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 23 პირი გამოჯანმრთელდა.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





