პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, 14 დღის ბავშვს, რომელიც კლინიკაში კორონავირუსით 25 მარტს მარნეულიდან შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, რომ შემოვიდა, იყო კრიტიკულად მძიმე. ახლა ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. მისი დინამიკა ძალიან დადებითია. დედა მარნეულშია, მას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. ვირუსი არ დაუდასტურდა - გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია", - თქვა ტურძელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 გამოჯანმრთელდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 346 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.





