კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლელა ტურცელაძის თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამასთან, აქვს თანმდევი დაავადება - დიაბეტი.
"მისი მდგომარეობა კრიტიკულია, წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. თანმხლები დაავადებები აქვს, დიაბეტი. აქვს ორმხრივი რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ეს პნევმონიაზე უარესია - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურა", - თქვა ტურცელაძემ. .
ამავე კლინკის დირექტორი, ლევან რატიანი კი განმარტავს, რომ ქალი მარნეულის ნიუ ჰოსპიტალში 18 მარტს შევიდა და პირველივე დღეს მწვავე პნევნმონია დაუდასტურდა.
"პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე. ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნალებად სტაბილურია, ვინაიდან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამენტრებს.
ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, მისი სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე, იყო მძიმე. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ქალბატონი შესულია კლინიკაში 18 რიცხვში, პირველივე დღეს დაუდასტურდა მწვავე პნევმონია. ეპიდ ანამნეზი Covid 19-თან ინფიცირებულის კავშირი არ იყო წარმოდგენილი. დინამიკაში მდგომარეობის დამძმებიდან გამომდინარე ეჭვი იქნა მიტანილი Covid 19-ზე, ჩატარდა, დადასტურდა კორონავირუსი, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე რესპირატორული დისტრესია და პაციენტი გადაყვანილ იქნა აპარატზე. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა მისი ტესტირება", - თქვა რატიანმა.
ინფორმაცია, რომ მარნეულში მცხოვრებ ქალს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, გუშინ, 22 მარტს გავრცელდა. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მას, სულ მცირე, 86 კონტაქტი ჰყავს, ვინაიდან სარიტუალო ღონისძიებაში მონაწილეობდა. ქალი კორონავირუსით აზერბაიჯანში დაინფიცირდა.
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. მის აღსრულებას შსს-ის და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 - გამოჯანმრთელდა. კიდევ 5 ადამიანს საავადმყოფოებიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. კარანტინის რეჟიმშია - 3254 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.





