ინდოეთი

ინდოეთში სტუდენტის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 4 კაცი სიკვდილით დასაჯეს

DELHI POLICE

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 2012 წელს მოძრავ ავტობუსში 23 წლის სტუდენტი გოგოს გაუპატიურებისა და მოკვლისთვის 4 პირი სიკვდილით დასაჯეს.

2015 წლის შემდეგ ინდოეთში ეს სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა.

ბრალდებულებს სასამართლომ ჩამოხრჩობა 2013 წელს მიუსაჯა. მათ განაჩენი გაასაჩივრეს და უვადო პატიმრობამდე შემცირება მოითხოვეს, რაზეც სასამართლომ უარი თქვა.

2012 წელს მომხდარ დანაშაულს, რომელშიც 6 კაცი მონაწილეობდა, ინდოეთში მასშტაბური პროტესტი და სექსუალური ძალადობის შესახებ კანონების გამკაცრება მოჰყვა. ბრალდებულთაგან ერთი ციხეში 2013 წლის მარტში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა. კიდევ ერთი ბრალდებული კი დანაშაულის ჩადენის დროს 17 წლის იყო. ინდოეთის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი, რისი დაკისრებაც არასრულწლოვნისათვის შეიძლება 3 წელია. მან სასჯელი უკვე მოიხადა და საპატიმრო დატოვა.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ სიკვდილით დასჯის შემდეგ ტვიტერზე დაწერა "სამართალმა გაიმარჯვა."

ახალი კანონებით გამკაცრდა სასჯელი ადევნებაზე, მჟავის შესხმაზე, ინტიმური ფოტოების ნებართვის გარეშე გავრცელებაზე და ა.შ. გაუპატიურების დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი კომაში ჩავარდება ან დაიღუპება, დამნაშავისათვის სიკვდილით დასჯა არის გათვალისწინებული.

მიუხედავად კანონების გამკაცრებისა ინდოეთში სექსუალური ძალადობის შემთხვევები არ იკლებს. ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ 2018 წელს პოლიციამ გაუპატიურების 33,977 შემთხვევა აღრიცხა.

კომენტარები