კორონავირუსი საქართველოში

გახარია: თუ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე არ აღდგა, კითხვის ქვეშ მთლიანად სასწავლო წელია

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო გადადებულ სასწავლო პროცესზე რუსტავი ორის ეთერში "ღამის კურიერში" ისაუბრა. გახარიას თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს და უცნობია როგორ გადაწყდება სასწავლო წლის საკითხი.

"განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი სკოლებში არ განახლდა, უკვე მთლიანად სასწავლო წლის პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება", — ამბობს გიორგი გახარია.

გახარიას თქმით, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა არ არის მზად სწავლების დისტანციურ და ონლაინ მოდელზე გადასასვლელად. "ის რომ განათლების სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ ბავშვებს სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ."

გიორგი გახარიას თქმით, თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი აღდგება სახელმწიფოს უკვე მზად აქვს სცენარი როგორც უნდა შეივსოს დანაკლისი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი ვერ აღდგება, შესაბამის გეგმას განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში მოამზადებს.

"26 აპრილამდე თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა გვაქვს ერთი სცენარი, თუ ვერ შევძელით ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს 17 მარტს დღის მეორე ნახევარში აღებული 11 ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი და მისი შედეგებს საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით - Covid-19-ით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო 64 სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით განკურნების მხოლოდ ერთი შემხთხვევაა დადასტურებული. როგორც ცნობილია გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კომენტარები