ფულადი გზავნილები

თებერვალში ფულადი გზავნილების ნაკადი 9%-ით გაიზარდა და $137 მილიონი შეადგინა

ეროვნული ბანკი

გასულ თვეში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების ნაკადი 9,5%-ით გაიზარდა და 137 მილიონი დოლარი შეადგინა.

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9% მოდიოდა", — ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თებერვალში უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების ზრდის პარალელურად, გაიზარდა, საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაც.

სულ გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში 17,7 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები ტურიზმთან ერთად, ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყაროა. 

ბოლო 5 წელიწადში ამ გზით ქვეყანაში 6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა. სულ გასულ წელს საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,7 მილიარდი დოლარი.

კომენტარები