ამერიკის შეკავების პოლიტიკა

ირინა არაბიძე: ამერიკა - შეკავების პოლიტიკის დაბრუნება და გარღვევის შანსი საქართველოსთვის

ამერიკა შეკავების პოლიტიკის აღდგენაზე მუშაობს. მას სურს მოწინააღმდეგეებს დაანახოს, რომ მზად არის მტრულ სახელმწიფოებს არამეგობრული ქმედებები ძვირად დაუჯინოს. იგივე პოლიტიკის ფარგლებში ქვეყანა მისი ფუნდამენტური ღირებულებების - ადამიანის უფლებების და თავისუფლებების - დარღვევებს უყურადღებოდ არ ტოვებს. ამერიკის მიერ შეკავების პოლიტიკის გამყარება საქართველოს გარე საფრთხეების მოგერიების და შიდა დემოკრატიის გაძლიერების შანსს აძლევს.

ამერიკა - ძალის გამოღვიძება

13 მარტს, ამერიკამ ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების ხათაიბ ჰეზბოლას იარაღის ხუთი საცავი დაბომბა. დაბომბვა 11 მარტს ამ ჯგუფის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა, რომლის შედეგადაც ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა. ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ერაყში ამერიკელების სიცოცხლის ხელყოფა წითელი ხაზია და ქვეყანა მსგავს ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით ხისტი ძალის ინსტრუმენტების აქტიურ გამოყენებაში გამოვლინდა. პარასკევს განხორციელებულ იერიშამდე, მიმდინარე წლის 3 იანვარს, ამერიკამ ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტური “ყუდსის” ქვედანაყოფის მეთაური ყასემ სოლეიმანი ავიაიერიშის შედეგად მოკლა. სოლეიმანი ირანში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და წლების განმავლობაში ებრძოდა ამერიკის ინტერესებს რეგიონში. შეტევა ირანის მიერ მხარდაჭერილი ხათაიბ ჰეზბოლას მიერ ორგანიზებულ თავდასხმების სერიას მოჰყვა. გასული წლის დეკემბერში ამ ჯგუფის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2020 წლის დასაწყისში ტერორისტულმა ჯგუფმა ერაყში ამერიკის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმას გაუწია ორგანიზება.

ამერიკის მიერ ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმამ დანარჩენი მსოფლიო სახტად დატოვა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ირანის პასუხის მოლოდინში ბევრი რეგიონული ომის საშიშროებასა და გლობალურ კონფლიქტზეც კი ალაპარაკდა. ირანთან ურთიერთობა კვლავ დაძაბულია, მაგრამ სოლეიმანის მკვლელობით გამოწვეული ესკალაციიდან ამერიკა ცალსახად გამარჯვებული გამოვიდა. 

ამერიკული სატირული ჟურნალი Puck: რომაული ომის ღმერთის მარსის ქვიშის საათი მშვიდობიდან ომისკენ ივსება.
ფოტო: GETTY IMAGES

თვალსაჩინოა ამერიკის მიერ 2017 წლიდან გააქტიურებული სანქციების ტალღაც. ეკონომიკური სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის წამყვან იარაღად იქცა. 2018 წელს, ამერიკამ 1500-მდე კომპანია, დაწესებულება თუ ადამიანი ჩასვა სანქცირებულთა სიაში, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მხოლოდ მიმდინარე თვეში, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ამერიკამ სანქციები დაუწესა ზიმბაბვეს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრსა და ქვეყნის ელჩს ტანზანიაში. მარტის დასაწყისში, ამერიკამ სანქცირებულთა სიაში ჩასვა ნიკარაგუას ეროვნული პოლიცია და უწყების სამი თანამშრომელი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა ყველა ეკონომიკურ და დიპლომატიურ ბერკეტს გამოიყენებს რათა პასუხი მოეთხოვოთ მათ ვინც “ნიკარაგუაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღევევებს ჩადის და ცდილობს დემოკრატიის მხარდამჭერი ხმები ჩაახშოს.“

თებერვალში ამერიკამ ჩინეთის რიგი წამყვანი მედია საშუალება სახელმწიფოს აგენტად, საგარეო მისიად გამოაცხადა. შედეგად, ამერიკაში მომუშავე ამ სააგენტოების თანამშრომლების რაოდენობაზე ზედა ზღვარი დაწესდა. ამავე თვეში, ამერიკამ სანქციები დაუწესდა ჩინეთის შეიარაღებული ძალების ოთხ წევრსაც. მათ 2017 წელს ამერიკაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. ამ თავდასხმის შედეგად ჩინეთმა სავაჭრო საიდუმლოებები და 145 მილიონი ამერიკის მოქალაქის პირადი მონაცემები მოიპარა. გასულ თვეში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევაც, რომელიც განცხადების მიხედვით, რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განახორციელა. ვენესუელადან ნავთობის ექსპორტისთვის სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსული როსნეფტის ფილიალიც.

სანქცირებულთა სია ამით არ შემოიფარგლება. ამერიკამ თებერვალში სანქციები დაუწესა ირანის გუშაგთა საბჭოს და საარჩევნო კომისიის ხუთ წევრსაც, რომელთაც ამერიკა ირანელი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წართმევაში ადანაშაულებს. კორუფციისთვის წაყენებული ბრალდებების გამო ამერიკამ სანქციები დაადო მოლდავეთის ყოფილ არაფორმალურ მმართველს ვლადიმირ პლახატნიუკსაც. მოლდაველი ოლიგარქი 2019 წლამდე ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით სანქციები “აგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს კორუფციას და იდგება მოლდაველ ხალხთან ერთად მის წინააღმდეგ საბრძოლველად.” თებერვალში, იგივე მიზეზის გამო, ამერიკამ ბულგარელი მოსამერთლე ანდონ მიტალოვსიც სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

2019 წლის ივლისში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში “განუყოფელი უფლებების” კომისიაც კი შეიქმნა, რომელმაც ადამიანის უფლებებზე დისკუსია ამერიკის დამფუძნებელი პრინციპების ჭრილში უნდა გააანალიზოს. პომპეოს თქმით, ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს ამ მისიას ასცდა, ხოლო ავტორიტარული მთავრობები ხშირად ამ ინსტიტუტებს ბოროტად იყენებენ. პომპეოს მაგალითად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის და ჩინეთის ხელდასმით ვენესუელას არჩევა მოჰყავს. “რა ფარისევლობაა,” - ამბობს ის. 11 მარტს, ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების თემაზე 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამერიკის სახელმწიფო მდივანის თქმით, ქვეყნის “ეროვნული იდენტობისთვის არაფერია უფრო ფუნდამენტური ვიდრე რწმენა, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია უფლებები და ღირსება. [...] ამ საკითხზე, ყველა ამერიკელს მსოფლიოს გარშემო თავისუფლების მოყვარულ ხალხთან საერთო მიზანი აკავშირებს.”

რისი მანიშნებელია ეს მოვლნები?

ზესახელმწიფოების პაექრობის დაბრუნება

1986 წლის გოლდვოთერ-ნიკოლსის აქტით, ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია კონგრესს პერიოდულად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარუდგინოს. დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ამერიკის ეროვნული ინტერესები, საფრთხეები და ის პოლიტიკა და ინსტრუმენტები, რომლითაც ამერიკა ამ საფრთხეების განეიტრალებას აპირებს. 

ქვეყნის ბოლო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს მომზადდა. ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია პოსტის დაკავების პირველივე წელს გამოსცა. 

ეს დოკუმენტი ტრამპის წინამორბედის ბარაკ ობამას მიერ 2010 წელს მომზადებული სტრატეგიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ ობამას ადმინისტრაციას გლობალიზაცია და კლიმატის ცვლილება ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებად მიაჩნდა, ტრამპი მთავარ აქცენტს ზესახელმწიფოებს შორის პაექრობაზე აკეთებს. 

ამერიკული სატირული ჟურნალი Puck

ახალი სტრატეგია ოთხი მთავარი კომპონენტისგან შედგება: (1) ამერიკელი ხალხის, ტერიტორიის და ამერიკის ცხოვრების წესის დაცვა; (2) ამერიკის კეთილდღეობის ხელშეწყობა; (3) ძლიერებით მშვიდობის შენარჩუნება და (4) ამერიკის გავლენის გაფართოება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთბას მხოლოდ ომისა და მშვიდობის ჭრილში არ განიხილავს. სახელმწიფოებს შორის მიმდინარე შეჯიბრში ამერიკის დომინანტი პოზიციის შენარჩუნება სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახულია ის გაკვეთილი, რაც ქვეყანამ მსოფლიოში წამყვან ძალად ჩამოყალიბების შემდეგ ისწავლა. “ისტორიის მთავარი თანამიმდევრულობა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გამოიხატება. დღევანდელი პერიოდიც არაფრით განსხვავდება,” - წერია დოკუმენტში. 

სტრატეგია ამერიკის ეროვნული ინტერესების მიმართ მტრულად განწყობილ სამ ჯგუფს გამოყოფს. ესენი არიან არსებული მსოფლიო წესრიგის მოწინააღმდეგე რევიზიონისტი სახელმწიფოები - ჩინეთი და რუსეთი, “ავაზაკი სახელმწიფოები” (rogue states) - ირანი და ჩრდილოეთ კორეა და ტრანსნაციონალური საფრთხეების მატარებელი ორგანიზაცები, რომლებშიც ძირითადად ჯიჰადისტი ტერორისტული დაჯგუფებები მოიაზრება. ამ სამ ჯგუფს განსხვავებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები გააჩნიათ და ამერიკას შედარებითი უპირატესობის პრინციპით ეპაექრებიან. “ამ მეტოქეობის შედეგები ამერიკის და ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სიძლიერეზე მოახდენს გავლენას,” - წერია სტრატეგიის დოკუმენტში. 

შეკავების პოლიტიკის დაბრუნება

რა მეთოდებით უპირისპირდება ამერიკა მოწინააღმდეგეებს? როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჰუვერის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ამერიკის ბოლოდროინდელი ქმედებები გამიზნული სტრატეგიის ნაწილია. ეს სტრატეგია შეკავების პოლიტიკის აღდგენაში მდგომარეობს. “[...] შეკავება, მარტივად, გულისხმობს მეორე მხარის დარწმუნებას, რომ კონკრეტული ქმედებისთვის გადასახდელი ფასი აჭარბებს მოგებას. მას დამაჯერებლობა სჭირდება. უფრო მეტიც, [შეკავება] ამაზეა დამოკიდებული. მოწინააღმდეგეს აუცილებელია ესმოდეს, რომ შენ არა მხოლოდ შეგიძლია ძვირი დაუჯინო [მას ქმედება], არამედ მართლაც მზად ხარ ეს ნაბიჯი გადადგა.”

ამერიკული იუმროისტული ჟურნალი Puck-ის კარიკატურა ამერიკის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მიერ გამოყენებულ ანდაზაზე, რომელიც ამერიკის საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიას ასახავდა: “ისაუბრე რბილად და თან დიდი კომბალი ატარე. ასე შორს წახვალ.”

პომპეო თვლის, რომ ირანის აგრესიული ქმედებები, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ჩინეთის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კუნძულების მშენებლობაც ამერიკის შეკავების პოლიტიკის შესუსტების ბრალია. მის აღსადგენად, ამერიკამ გადაცდომებზე პასუხის დაბრუნება დაიწყო. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გამართული სამხედრო წვრთნები, ჩინეთთან წამოწყებული სავაჭრო ომი, რუსეთის მიერ შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დარღვევის გამო ამ შეთანხმების დატოვება და საქართველოსა და უკრაინასთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაც ამ საგარეო პოლიტიკის ნაწილია. “ჩვენ ხელახლა დავამყარეთ შკავების პოლიტიკა, მაგრამ ვიცით, რომ ის არ არის მარადიული და რისკები რჩება. ჩვენ შეუპოვრად ვაპირებთ მის დაცვას. ყოველ ჯერზე ასე უნდა მოვიქცეთ,” - ამბობს პომპეო.

რატომ არ რეაგირებენ ამერიკის შეკავების პოლიტიკაზე მოწინააღმდეგეები სათანადოდ?

ამერიკის ქმედებები ცხადყოფს, რომ ის შეკავების პოლიტიკის აღდენისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს. თითქოს ამერიკის ქცევა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მისმა მოწინაარმდეგეებმა გაითავისონ, რომ ქვეყანა უკან დახევას არ აპირებს. მაშინ რატომ აგრძელებენ ისინი ამერიკასთან ღია შეჯიბრს? 

წყარო: ამერიკული იუმროისტული ჟურნალი Puck
ფოტო: pircyl.com

შეკავების პოლიტიკა მუშაობს იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგემ ზუსტად იცის, რომ კონკრეტული ქმედების ფასი აჭარბებს მოგებას. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე აიძულო შენი მუქარა გაითვალისწინოს, საჭიროა სამხედრო ძალა, დამაჯერებლობა და სწორი კომუნიკაცია. სწორ კომუნიკაციას მეტი ძალა აქვს, როდესაც მოწინააღმდეგეს ეჭვი არ ეპარება შენი მუქარის სანდოობაში. თუ მოწინააღმდეგეს აფრთხილებ, რომ კონკრეტულ ქმედებას ძვირად დაუჯენ და ამ ქმედების განხორციელების მიუხედავად რეაგირებას არ ახდენ, ეს შეკავების პოლიტიკას ასუსტებს და მის აღდგენას გაცილებით მეტი ძალიხსმევა სჭირდება. პომპეომ, ამ დინამიკის ასახსნელად ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარის ვიქტორ დავის ჰანსონის სიტყვები მოიშველია: “შეკავების პოლიტიკა რთულია დაამყარო და ადვილია დაკარგო.” 

შეკავების პოლიტიკის შესუსტებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წითელი ხაზების ბუნდოვანებაც. მოწინააღმდეგემ რომელსაც ესკალაცია არ სურს, შესაძლოა მაინც გადაკვეთოს წითელი ხაზი თუ არ იცის სად გადის ის. მაგალითად, 1990 წელს ერაყის ქუვეითში შეჭრა, მკვლევართა ნაწილის აზრით მისკომუნიკაციის შედეგი იყო. ერაყში ამერიკის ელჩმა ეიპრილ გლასპიმ სადამ ჰუსეინს უთხრა, რომ ერაყსა და ქუვეითს შორის დავა ამერიკას არ ეხებოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვები ჰუსეინმა მწვანე შუქად აღიქვა, რადგან ერაყი ქუვეითში შეიჭრა. ამერიკას ქვეყნის განთავისუფლება ომის ფასად დაუჯდა. ერაყის მაგალითზე ასევე ჩანს თუ რამდენად საშიშია მოწინააღმდეგის მიზნების არასწორი შეფასება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა შეკავების პოლიტიკამ არ იმუშაოს, რადგან მკაცრი გაფრთხილების გაკეთება ფაქტის დადგომამდე საჭიროდ არ ჩათვალო. 

ამერიკის მოწინააღმდეგეები მუდმივად ამოწმებენ ქვეყნის შეკავების პოლიტიკის სანდოობას. ისინი ცდილობენ ამერიკასთან პირდაპირი კონფრონტაციის გარეშე გაიფართოვონ გავლენა, რადგან ამერიკაზე ღია სამხედრო თავდასხმა ირაციონალურია. როგორც ავტორები ვეს მიჩელი და იაკუბ გრიგიელი წერენ, ამერიკის მოწინააღმდეგეები ნიადაგს სინჯავენ იმ პერიფერიებში სადაც ამერიკის უსაფრთხოების ვალდებულებები ყველაზე სუსტი და მოწყვლადია. “[ამერიკის გლობალური მოწინააღმდეგეები] აკვირდებიან ამერიკის რეაქციებს, იმისთვის რომ შეაფასონ რა მასშტაბის მოქმედების სივრცე აქვთ, რათა მცირე ფასის გადახდით სისტემა მათ სასარგებლოდ შეცვალონ,” - წერენ ავტორები. ამერიკის უმოქმედობა რეგიონული მოწინააღმდეგეებისთვის სიგნალია, რომ მათი საქციელი შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა ამგვარი ქეცევის კარგი მაგალითია. რუსეთმა ეჭვი შეიტანა ამერიკის შეკავების პოლიტიკის დამაჯერებლობაში და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმით ბედი გამოსცადა. რუსეთმა ამ აგრესიით უხეშად დაარღვია საერთაშორისო წესრიგი, მაგრამ დასავლეთმა მას ამისთვის ფასი არ გადაახდევინა. პირიქით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა 2009 წელს გაუმჯობესდა და “გადატვირთვის” პოლიტიკის ფარგლებში ამერიკამ რუსეთს თანამშრომლობა შესთავაზა. 

უკვე 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში ომი გააჩაღა. მას ჯერ-ჯერობით არც ამ შემთხვევაში გადაუხდია ის ფასი, რომელიც უკან დაახევინებდა. ამერიკა გამოსცადა სირიის ლიდერმა ბაშალ ალ ასადმაც, როდესაც პრეზიდენტ ობამას მიერ დაწესებული წითელი ხაზების მიუხედავად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. იგივე სიგნალი მიიღო შარშან ირანმაც, რომელმაც ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტები დაბომბა. მაშინ ამერიკა მხოლოდ სიმბოლური პასუხით შემოიფარგლა.

როგორ შეუძლია ამერიკას გააძლიეროს შეკავების პოლიტიკა?

შეკავების პოლიტიკის გამყარება ორი გზით არის შესაძლებელი: განცხადებებით და ქმედებებით. ამერიკას შეუძლია საკითხისადმი მისი დამოკიდებულება ღიად გააჟღეროს და არაორაზროვნად განაცხადოს, რომ მოწინააღმდეგეების არასასურველ ნაბიჯებს მძიმე შედეგი მოყვება. როდესაც შეკავების პოლიტიკა ძლიერია განცხადებები საკმარისია, მაგრამ თუ მათი დამაჯერებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქტიური ქმედებებია საჭირო. შეკავების პოლიტიკისთვის მტკიცე და თანამიმდევრული პოზიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც სოლეიმანის შემთხვევამ აჩვენა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებიც ამერიკის სიმტკიცეს პრაქტიკაში აჩვენებს.

გარღვევის შანსი საქართველოსთვის

რატომ უნდა გვაინტერესებდეს ამერიკაში მიმდინარე ეს მოვლენები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ საქართველოს განვითარებაზე? 

ჩვენი ეროვნული ინტერესები ორი წამყვანი ფაქტორის გარშემო ტრიალებს: ეს არის თავისუფლება შინ და გარეთ. დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უნდა გავხდეთ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიის შესანარჩუნებლად უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი. იმისთვის, რომ რუსეთისგან თავი დავიცვათ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერა გვჭირდება. ამ მხარდაჭერას ვერ მოვიპოვებთ თუ დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს არ ვაჩვენებთ. რუსეთთან დაახლოვება დემოკრატიული განვითარების შანსს წაგვართმევს, ხოლო ამ შანსის დაკარგვით დავკარგავთ თავისუფლებასაც. თუ გვინდა, რომ დასავლური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოვხვდეთ, ჩვენ პარტნიორებს არ უნდა დავუტოვოთ არგუმენტი, რის საფუძველზეც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ამერიკა ამ პროცესში?

ამერიკის მიერ შეკავების პოლიტიკის გამყარების გადაწყვეტილება შანსს გვაძლევს მოვახდინოთ გარღვევა, რომელიც საგარეო საფრთხეებსაც შეგვიმსუბუქებს და შიდა დემოკრატიასაც გაგვაძლიერებინებს. საქართველოს მიმართ რუსეთის მიზნები სრულიად ცხადია. რუსეთი ყველა გზით ცდილობს ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია შეაფერხოს და ომის, სანქციების და სხვა ეკონომიკური ბერკეტების გარმოყენების მუქარით სურს დაგვიმორჩილოს. დღეს რუსეთთან საქართველოს საგარეოპოლიტიკური პოზიციები უაღრესად სუსტია. ბოლო წლებში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. 

ამერიკის მიერ შეკავების პოლიტიკის გაძლიერების ფონზე, ვლადიმერ პუტინი და სხვა ავტორიტარული ლიდერები ხედავენ, რომ მათ მიერ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაზე შესაძლოა გადასახდელი ფასი გაეზარდოთ. რაც უფრო დამაჯერებელი გახდება ამერიკის მტკიცე პოზიცია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე, მით მაღალია შანსი რუსეთმა ამერიკის პარტნიორ ქვეყნებთან ძალის პოლიტიკით საუბარი ვეღარ შეძლოს. 

საქართველოს შემთხვევაში, ეს პირდაპირ დაეხმარება ჩვენი შიდა დემოკრატიის განვითარებას, რადგან საგარეო საფრთხეების მოშველიებით ქვეყნის საზიანო ნაბიჯების გადადგმა გართულდება. ამჟამად ქვეყანაში ეროვნული ინტერესების და თავისუფლების საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებს ხშირად ზურგს უმაგრებს ნარატივი, რომ თუ ასე არ მოვიქცევით ჩვენზე ძლიერი მეზობელი ომს წამოიწყებს, ამას კი დესტაბილიზაცია და სრული ეკონომიკური კოლაფსი მოყვება. რუსეთთან ამერიკის შეკავების პოლიტიკის გაძლიერება საგარეო საფრთხეების შემსუბუქებაში დაგვეხმარება. 

საშინაო პოლიტიკის კონტექსტში, როგორ ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო, ამერიკა პარტნიორი ქვეყნებისგან მისი ფუნდამენტური ღირებულებების - ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების - დაცვას მოითხოვს. წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პომპეომ თავისუფალი სახელმწიფოების უპირატესობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ მმართველობის ეს სისტემა ბევრად წარმატებულია “ვიდრე ნებისმიერი სხვა მოდელი რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უცდიათ.” “დასავლეთი იგებს. თავისუფლება და დემოკრატია იგებენ,” - განაცხადა პომპეომ. მან დასძინა, რომ დასავლეთი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იცავს ამ იდეის ნაწილია. 

ამერიკა დიდ რესურსს ხარჯავს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის განვითარებაზე და უკუსვლა ამ მიმართულებით მისი ყურადღების გარეშე არ რჩება. ბოლო 28 წლის განმავლობაში, ქვეყანამ საქართველოს დასახმარებლად $4 348 400 000 დახარჯა. ეს დახმარება მმართველობის თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო და დღემდე გრძელდება. გასულ წელს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღო ამერიკის სენატმაც. წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდაჭერის ორპარტიული აქტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკას განსაზღვრავს, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ რეზოლუციისგან განხვავებით კანონის ძალით ისარგებლებს. 

შეკავების პოლიტიკის აღდგენის ფარგლებში, ამერიკა როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკასთან მიმართბაში ერთი და იგივე პრინციპით მოქმედებს. საზიანო ქმედებებისთვის ის ფასს უწესებს ურჩ სახელმწიფოებს და ინდივიდებს, რაც სხვებისთვის სიგნალია, რომ ჯერი შეიძლება მათზეც მიდგეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ბოლო პერიოდში შემოღებული სანქციები აჩვენებს, რომ ქვეყანა დიდ ყურადრებას უთმობს დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემთხვევებს. შედეგად, სახლემწიფოების მიერ ბედის გამოცდის პოლიტიკა უფრო სარისკო ქმედება ხდება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ეს განწყობა სიგნალია ჩვენი ქვეყნისთვისაც, რომ პროგრესი დაგვიფასდება, ხოლო უკუსვლას შედეგები მოყვება. 

ბოლოთქმის მაგიერ: მსოფლიო არ დაღლილა დემოკრატიით

1990-იან წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა შთამბეჭდავი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზა გაიარეს და ეს პროცესი თითქოს შეუქცევადი გახდა. 2003 წლის შემდეგ საქართველოც იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომელთაც ამ ტრანსფორმაციის გამეორების და ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრების ამბიცია გაუჩნდა. 

ბოლო წლებია გახშირდა საუბარი, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი და დემოკრატია საფრთხეშია. ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული ენთუზიაზმი ამერიკის მიერ შექმნილი წყობის კრიტიკამ ჩაანაცვლა. ანალიტიკოსების ნაწილს აღარ სჯერა, რომ ეს სისტემა მდგრადია და ის გადარჩენას შეძლებს. ამ განწყობებს თან სდევს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესის შენელება და სკეპტიციზმი. უფრო მეტიც, ანალიტიკოსების ნაწილს დღეს მიაჩნია, რომ ევროპის სახელმწიფოები დემოკრატიით განიხიბლნენ, რის გამოც ლიბერალური სისტემის ეროზია მივიღეთ. 

წყარო: ამერიკული იუმროისტული ჟურნალი Puck
ფოტო: Wikimedia

მიუხედავად ამ დისკუსიისა, აშკარაა, რომ მსოფლიოში სამოქალაქო და ეროვნული თავისუფლებისაკენ სწრაფვა ძლიერია. მხოლოდ ბოლო ორი წლის დინამიკას რომ შევხედოთ, უპრეცედენტო გამოსვლებია ჰონგ კონგში, ბეირუთში, ვენესუელაში, ირანში, ერაყში. მასიური დემონსტრაციები გაიმართა პრაღაში. გამოსვლებია საქართველოშიც. როგორც რუსი კომუნისტი სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს მოყოლილი ვნებათაღელვა აჩვენებს, საქართველოს მოქალაქეები არ არიან თანახმა უარი თქვან თავისუფლებაზე და მათთვის სულ ერთი არ არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ბედი.

ამ მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფოების მოსახლეობა დღესაც მზად არის უსამართლობის, ცუდი მმართველობის და სიდუხჭირის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს. თუ როგორ იმოქმედებს ამ განწყობების ფონზე ამერიკა და რა შიდა პასუხი ექნება საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაზე დიდწილად გადაწყვეტს განვითარების რა გზაზე იდგება ჩვენი ქვეყანა მომდევნო წლებში.

კომენტარები