2 ათასამდე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთს მომდევნო 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებისა და ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმის წარდგენისას ისაუბრა.
"გამოვიყენებთ კარგად აპრობირებულ მეთოდს, რაც სასტუმროებისთვის საპროცენტო განაკვეთებს გადახდას გულისხმობს. ჩვენ აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა - 4 ნომრიანი სასტუმროდან 50 ნომრამდე, სასტუმროებისთვის საპროცენტო განაკვეთს, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო მოემსახურება. ეს შეეხება დაახლოებით 2 ათასს სასტუმროს", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგაც მიიღო. მაშინ, ფრენების შეწყვეტით დაზარალებულ მცირე ზომის - 4 ნომრიდან 20 ნომრამდე მქონე სასტუმროებს საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო ფარავდა.
ეკონომიკის სტიმულირების ახალი გეგმა ასევე, ითვალისწინებს ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის ოთხი თვით გადავადებას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დასაბრუნებელი დღგ-ს რაოდენობის გაორმაგებას და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტირებას.





