თურქეთი

ერდოღანი: თუ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა მკაცრად ვუპასუხებთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა თურქეთი უფრო ძლიერ სამხედრო ქმედებებისგან თავს არ შეიკავებს.

ერდოღანმა თურქეთის მმართველ პარტიასთან შეხვედრისას თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცირე დარღვევების შემთხვევები არის და ქვეყნის პრიორიტეტს იდლიბის პროვინციაში არსებული 12 სადამკვირვებლო პოსტის დაცვა წარმოადგენს.

"ჩვენ არა მხოლოდ პასუხს გავცემთ იდლიბში მცირე თავდასხმასაც კი, ჩვენ ბევრად უფრო მკაცრი პასუხი გვექნება. თურქ ჯარისკაცებს სასტიკი ასადის დაცვა არ სჭირდებათ, დაე ეს იცოდეთ."

თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ანკარაში გრძელდება. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულისი აკარმა თქვა, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმი გააფრთხილა თავდახმებისაგან თავი შეიკავოს.

6 მარტს სირიაში რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ერდოღანმა და პუტინმა ხელი გუშინ მოსკოვში მოაწერეს, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში იდლიბში დაპირისიპირება განსაკუთრებით გამწვავდა თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმის ძალებს შორის.

შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან.

შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ. ასადის რეჟიმის თავდასხმის შემდეგ საცხოვრებლის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუწია. თურქეთმა თქვა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და ევროპის ქვეყნებთან საზღვარი გახსნა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მსგავსი შეთანხმება შეგდა 2018 წლის სექტემბერშიც, რომლის მიხედვითაც დეესკალაციის ზონა უნდა შექმნილიყო და ამ ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

კომენტარები