გერმანია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: სირიის გამო რუსეთისათვის სანქციების დაწესებას განვიხილავთ

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი
Reuters

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თქვა, რომ ქვეყანას რუსეთთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და შესაძლოა ეს პუტინზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს. გერმანულ ტელევიზია RTL/n-tv-სთან საუბარში მან თქვა, როგორც უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში, სირიის შემთხვევაშიც შესაძლოა რუსეთს სანქციები დაუწესონ.

"ჩვენ ვიცით რას აკეთებს რუსეთი სირიაში." თქვა მან.

კრამპ-კარენბაუერმა ისიც თქვა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამჟამად ცდილობს პუტინი დაარწმუნოს, რომ ჩრდიელოთ სირიაში უსაფრთხო ზონა შეიქმნას მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, რასაც გერმანია მხარს უჭერს. მისივე თქმით თუ რეგიონში ყველა მოთამაშე დაუჭერს მხარს მსგავსი ზონის შექმნას, შესაძლოა, მის დაცვაზე გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ძალებმა იზრუნონ. უფრო რეალისტური კი, მინისტრის თქმით, იქნება ამ ზონების გაეროს და ეუთოს ხელმძღვანელობით შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ჩრდილოეთ სირიაში, ილიბის პროვინციაზე თავდასხმას რუსეთისა და ირანის მხარდაჭრით აგრძელებს. ასადის ძალების თავდასხმების გამო საცხოვრებლის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუხდა. თურქეთმა, რომელმაც გასულ წელს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონის შესაქმნელად და მიგრანტების დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნები არასაკმარის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მიგრანტებს საზღვრები გაუხსნა ევროპის ქვეყნებში გადასასვლელად. შედეგად, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლას ცდილობს, რასაც სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ევროპის მიგრანტთან კრისისის გადასაჭერელად რუსეთი არ აპირებს სირიაში "ტერორიზმთან ბრძოლა" შეწყვიტოს.

იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭრილ სირიის სამთავრობო ძალებს და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. საკითხის განსახილველად ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრას ხვალ, 5 მარტს გამართავენ.

კომენტარები