Wizz Air ქუთაისიდან იტალიისკენ ფრენების რაოდენობას ამცირებს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს, იტალიის მიმართულებით ფრენების რაოდენობას გარკვეული ხნით ამცირებს.

ქუთაისი-მილანის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში ოთხჯერ დაფრინავს. 13 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში კვირაში მხოლოდ თითო რეისი შესრულდება - პარასკევობით.

ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით კვირაში ორი რეისის ნაცვლად, 14 მარტიდან 3 აპრილის პერიოდში Wizzair-ი ერთ რეისს შეასრულებს - შაბათობით.

ქუთაისი რომის და ქუთაისი ბარის მიმართულებით კი, 15 მარტიდან 5 აპრილამდე Wizzair-ი კვირაში ერთხელ - კვირაობით იფრენს. ჩვეულებრივ, ავიაკომპანია რომშიც და ბარიშიც კვირაში ორ რეისს ასრულებს.

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით იტალია ამჟამად მესამე ადგილზეა მსოფლიოში - გამოვლენილია 435 შემთხვევა. ამაზე მეტი ინფიცირებული ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში აღირიცხა.

კომენტარები