საარჩევნო სისტემა

ბოკერია მოლაპარაკებაზე: თუ ხელისუფლება რამეს გადაწყვეტს, შეტყობინების უამრავი გზა არსებობს

ტაბულა

"ჯერჯერობით არ არის ნიშნები, რომ ხელისუფლება გონს მოეგო," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ჩაშლაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ თითქოს მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, კლასიკური სტილი პიარია. მისივე თქმით, გიგი უგულავა სწორედ იმიტომ დაიჭირეს, რომ მოლაპარაკებები არ უნდოდათ.

"პიარი რომ ააგეს კლასიკურ სტილში, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართო, ვინ ჭამს ამას? მოლაპარაკებები, რომ ნდომოდათ უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ გონივრული კომპრომისის და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ. ივანიშვილს აქვს ბრიყვული ილუზია, რომ ხალხის გადაგდების პირობებში, რეპრესიებით დააშინებს პროტესტს და შეინარჩუნებს ძალაუფლებას.  " - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, ბოკერია ამბობს, რომ მოლაპარაკებების ყველა პირობა უკვე ცნობილია და თუ ხელისუფლება რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შეტყობინების უამრავი საჯარო და არასაჯარო გზა არსებობს.

"ეს არის გონივრული კომპრომისი, რაც არის საზოგადოების დაკვეთა და რასაც ივანიშვილი მკაფიოდ დაპირდა საზოგადოებას, დაღვრილი სისხლის შემდეგ - არჩევნების პროპორციულობა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, რომ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიაროს არჩევნებმა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან და უნდა შეეგუონ მარცხს. თუ არანორმალური ატმოსფერო იქნება, მაინც დამარცხდებიან და კიდევ უფრო დრამატული იქნება მათი მარცხი," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება გონს მოეგება, ოპოზიცია მზად არის იყვნენ მოქნილები და მათი მიზანი კონფრონტაცია არ არის. 

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. 

ბოლო, მეოთხე რაუნდზე ხელისუფლებამ მათ მანდატების 100/50 პრინციპით გადანაწილება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდა და ახლა შემოთავაზებას მმართველი პარტიისგან ელის. 

თუ ხელისუფლება ბოლო შეთავზებას არ შეცვლის, ოპოზიცია ამ სცენარისთვისაც ემზადება და ამბობენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს გადაინაწილებენ და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საკვანძო ოლქებში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი ქართული ოცნების წინააღმდეგ. 

კომენტარები