რუსული კიბერთავდასხმა

პრეზიდენტი: ჩვენს ვებგვერდზე კიბერშეტევით რუსეთმა იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტზე

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე" - ამის შესახებ განცხადებას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი კიბერშეტევით შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

"ეს კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიბერ-თავდასხმის შესახებ განცხადება დღეს, 20 თებერვალს გაკეთდა. სამინისტროს ცნობით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.

რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმა დაგმო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაერთიანებულმა სამეფომ.

2019 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

კომენტარები