ოჯახში ძალადობა

საია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თვითმკვლელობამდე პოლიციას 16-ჯერ მიმართა

www.cbc.ca

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სასამართლოს შეფასებით, შსს-ს და გენერალურ პროკურატურას ეკისრებოდათ სათანადო ზომების მიღების ვალდებულება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად. ინფორმაციას საია ავრცელებს.

"ქალს გარდაცვალებამდე სათანადო ორგანოებისთვის 16-ჯერ ჰქონდა დახმარებისთვის მიმართული და სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. სახელმწიფო ორგანოებს გარდაცვლილის დედის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ" - აცხადებს ორგანიზაცია.

საია-ს ცნობით, 12 თებერვლის სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული და მწვავე პრობლემაა.

"ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აკისრებს, ყოველი შემთხვევა სრულყოფილად და კომპლექსურად შეაფასოს" - თქვა მოსამართლემ.

კომენტარები