მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ბობოხიძე სააკაშვილზე: ნებისმიერი ცალკე მოძრაობა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს

ტვ. პირველი

ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ცალკე მდგომი მოძრაობა "ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს". მისი თქმით, პროპორციული არჩევნების თაობაზე შეხვედრები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართება და ეს ასეც გაგრძელდება. ბობოხიძე ამბობს, რომ პროცესების მთავარი შემოქმედი იქნებიან "მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება". 

ბობოხიძემ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საპასუხოდ ისაუბრა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართვაში თქვა, რომ პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე "საკუთარ შტაბს" ხსნის და "კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების" სურვილი გამოთქვა. "ყველას გელოდებით ჩემთან" - თქვა მან.

ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს ზომიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, ეს მობილიზება უნდა მოხმარდეს მთავარ ცენტრს, პარტიების გაერთიანებას. 

ბობოხიძე ამბობს, რომ გაერთიანება შეუძლებელი გახდება, თუ რომელიმე პოლიტიკოსი ლიდერობის სურვილს გამოთქვამს. ის ორი ტიპის ამომრჩეველზეც საუბრობს:" ერთ კატეგორია სააკაშვილის მომხრეა, ხოლო მეორეს არც სააკაშვილი უნდა და არც ივანიშვილი და ორი კატეგორიის ამომრჩევლის გაერთიანების გარეშე ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია".

"როგორც კი ვინმე ვეცდებით, რომ თავს მოვახვიოთ ჩვენი პერსონა ამ გაერთიანებას, გაერთიანება დაიშლება და პირდაპირ იქნება ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა და დაახლოებით დამოკიდებულება ბიძინას მერე, რომ თუ ვიქნები მე მაშინ კარგი და თუ არადა იყოს ბიძინა, ეს არის ღალატის ტოლფასი"- ამბობს ბობოხიძე და ასევე აღნიშნავს, რომ მთავარი არა სააკაშვილის მოსაზრება, არამედ ისა თუ რას იზამს ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია. 

მიხეილ სააკაშვილმა "საკუთარი შტაბის" გახსნის შესახებ ვიდეომიმართვა 7 თებერვალს გაავრცელა. 

"პირველი მარტიდან, 'სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის' ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა," - ამბობს სააკაშვილი მიმართვაში.

კომენტარები