8 თებერვალს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი არცერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა:
"ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია".
ხამენეიმ ეს განცხადება ირანის საჰაერო ძალების მეთაურებთან და წარმომადგენლებთან გააკეთა.
ირანის სულიერმა ლიდერმა მათ მოუწოდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა საკმარისად ძლიერი უნდა გახდეს იმისთვის, რომ მტრის გეგმებს შეეწინააღმდეგოს - "ირანის წინააღდეგ მათი გეგმები კრახისთვისაა განწირული".
მან ისიც თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები დანაშაულია.
"თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს შესაძლებლობად გამოვიყენოთ ირანის ეკონომიკის ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულებისგან დისტანცირებით," - თქვა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ერაყში მოკლეს. პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ.
გასული წლის აპრილში აშშ-მა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
6 იანვარს, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ. ეს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არაა.
აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ სულ უფრო ფართოვდება. 31 იანვარს აშშ-ში განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმის პროვოკაციული ბირთვული ესკალაციის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას (AEOI) და მის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის სანქციები დაუწესა.
17 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალს ჰასან შაჰვარპურს სანქციები დაუწესა. ის გუშაგთა კორპუსის იმ ნაწილს მეთაურობდა, რომელსაც გასული წლის ნოემბერში ირანში ხუზისტანის პროვინციის ქალაქ მაჰშარში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების ხოცვა-ჟლეტა ედება ბრალად. Reuters-ის ინფორმაციით, ნოემბერში ირანის საპროტესტო აქციებზე, დაახლოებით, 1500 ადამიანი მოკლეს.





