კრიმინალი

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ბ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ოქროს ნივთები და ძვირფასეულობა მოიპარა. სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებთან ერთად მიმალვას ცდილობდა" - აცხადებს შსს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ძვირფასეულობა და ოქროს ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია ქანჩი და კუსტარულად დამზადებული, კარის გასაღები ხელსაწყოები, მათ შორის ე.წ. „ატმიჩკები“.

ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები