ნარკოდანაშაული

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს - 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და 3 აბი "მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. მუხლი 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები