საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს - "შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით". მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით.
"საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ აქტიური ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლის ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას. შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო, გატარებულია სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ვაჭრობის კუთხით რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე ამ ეტაპზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს.
"არც ვაქცინის შემუშავებაზე არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუმცა ერთი დადებითი ფაქტი, რომელიც გაჟღერდა საერთაშორისო მედიაში, არის ის, რომ 11 სამედიცინო პერსონალი, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე, განკურნებულია“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. სულ დაავადების 2,744 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 300 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ვირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვნები იყვნენ, რომელთაც სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებდათ.
დაავადების 42 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, თუმცა გარდაცვალების ფაქტები არ ყოფილა. ვირუსით დაავადების 8 შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, 5 აშშ-სა და ავსტრალიაში, 4 სინგაპურში, ტაივანსა და მალაიზიაში, 3 საფრანგეთსა და იაპონიაში, 2 სამხრეთ კორეასა და ვიეტნამში, 1 ნეპალში და კანადაში. თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადებული პირი ვუხანში იმყოფებოდა, ან ვუხანიდან ჩასულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც ვრცელდება, რაც მისი გავრცელების შეჩერებას ართულებს. ინკუბაციის პერიოდი, როდესაც დაავადებულ პირს სიმპტომები არ აღენიშნება, შესაძლოა, 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს.
საქართველოს აეროპორტებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყეს. ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.





