ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ანაკლიის კონსორციუმი: მივმართავთ ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს

ბია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს.

კონსორციუმში აცხადებენ, რომ ისინი არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

"მიუხედავად არა ერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს.
არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.

კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 დეკემბერი არის წინასწარ ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმისთვის.

ანაკლიის კონსორციუმის წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაეწია. 

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ამ დროისთვის საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები