ვაჟა გაფრინდაშვილი

ბოკერია: გაფრინდაშვილთან დაკავშირებული კამპანია დასტურია, რომ რუსეთს პოლიტიკურად სტკივა

ევროპული საქართველო

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ფორმულას ეთერში ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლება ტყვეობიდან კიდევ ერთი საბუთია იმისა, როგორი აუცილებელია რუსეთის მუდმივის წნეხის ქვეშ ყოლა.

"ვულოცავ მის ოჯახს, ახლობლებს, საზოგადოებას, ვისთვისაც პრინციპული საკითხი იყო ამ სამაგალითო მოქალაქის გამოხსნა ჩვენი მტრის ტყვეობიდან და ეს მაგალითი ამ გამორჩეული ადამიანის გამოხსნის უნდა იყოს კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის აუცილებელი აქტიური საერთაშორისო მუშაობა და რუსეთის, ჩვენი ოკუპანტის მუდმივად წნეხის ქვეშ ყოლა, იმისთვის რომ ის პრობლემა, რომელიც არის უზარმაზარი და იმაზე ბევრად დიდიც კი, ვიდრე ამ ძალიან გამორჩეული ადამიანის პერსონალური ბედი, იქნას შემცირებული, შედარებით განეიტრალებული, რისკები შემცირებული მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ რჩება უზამაზარი ჰუმანიტარული პრობლემა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი, ახალგორის რაიონი არის დღეს ბლოკადასა და უმძიმეს მდგომარეობაში.

ზოგადად საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, მოტაცება ჩვენი მოქალაქეების რჩება ძალიან მწვავე პრობლემად, რომელიც ყოველ დღე შეგვახსენებს თავს და ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც ქვეყანა და ხელისუფლება რომ გვყავდეს ნორმალური, ვალდებული არის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს რომ მტერს მიაყენოს პოლიტიკური, ეკონომიკური ტკივილი და ამით შეამციროს ჩვენი ქვეყნის ტკივილი. ექიმი გაფრინდაშვილის შემთხვევა არის დასტური, რომ ეს მუშაობს და რუსეთს იმუნიტეტი ვერ აქვს ამ ტიპის წნეხისგან მთლიანად. მე არ ვიძახი, რომ გარანტია არსებობს რამის, მაშინ პუტინის რუსეთი ის ბოროტება არ იქნებოდა, როგორიც არის, მაგრამ მას პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტკივა და ეს კამპანია, რაც იყო გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ამის საბუთია", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 45 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები