სამთავრობო პროპაგანდა

"ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ?"-აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სათამაშო პანდა მიიტანეს

კადრი ვიდეოდან/მთავარი

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სათამაშო პანდა მიიტანეს და დატოვეს. 

"ბატონ ბიძინას ფეისბუქმა ყველა პანდა გაუქრო ფეისბუქიდან. ქართული ოცნების ოფისში დავუტოვებთ ამ პანდას, შეუძლია, მოვიდეს, ჩაეხუტოს და მშვიდად დაიძინოს ხელისუფლებაში მისი დარჩენილი დღეების განმავლობაში",-თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

"ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ?", "პანდას სახელს ნუ უტეხთ"-აქტივისტებმა "ოცნების" ოფისთან ბანერებიც მიიტანეს.

დაცვამ აქტივისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, ამიტომ მათ სათამაშო გარეთ დატოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.   

20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, ისინი სარეკლამო კომპანია "პანდასა" და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება. 

"პანდამ" 22 დეკემბერს ახალი ვიდეო გამოაქვეყნა youtube-ზე, სადაც მედიები არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, თუმცა დაადასტურა, რომ მათი კომპანია ფლობს და აქირავებს რესურსებს სოციალურ ქსელში.

კომენტარები