ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

პუტინი ზელიმხან ხანგოშვილზე: ის სისხლიანი მკვლელი იყო

AFP

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პარიზში ნათქვამი სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო.

ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილმა კავკასიაში 98 ადამიანი მოკლასა და მოსკოვის მეტროს ტერაქტშიც დაადანაშაულა, რაც თავდაპირველად ნორმანდიის სამიტის მიმდინარეობისას ახსენა. 

პუტინმა თქვა, რომ ახლა სირიაში ბევრი "ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი" იბრძვის და იქ უცხოელების უმეტესობა ცენტრალური აზიიდან მიდის, მეორე ადგილზეა რუსები, თუმცა იქ ასევე არც ისე ცოტა ევროპელია - "ისინი მკვლელები, ტერორისტები არინ".

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ის მოკლეს ბერლინის ცენტრში. ასეთი ადამიანი თავისუფლად დასეირნობს ევროპის ერთერთ დედაქალაქში... და თუ თქვენთან ის ადამიანებიც მოვლენ, რომელებიც ბანაკებში სხედან? მოგეწონებათ? მათაც თავისუფლად სიარულის საშუალება უნდა მივცეთ?" - რუსეთის პრეზიდენტი გერმანელ ჟურნალისტს მიმართავს.

ნორმანდიის სამიტზე პუტინმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირებას, მაგრამ გერმანიამ ეს არ გააკეთა.

4 დეკემბერს გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის მიზეზი აგვისტოში მომხდარი მკვლელობა გახდა. 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. 

მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სპესამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ამ ვარაუდს ამყარებდა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიება. 

4 დეკემბერსვე გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობასთან დაკავშირებით ახალი მასალები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი გრუ-ს სახელით ცნობილი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოა. 

 

კომენტარები