ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ჩხაიძემ გამოცემას უთხრა, რომ ლოცულაშვილს "ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას".
"კლინიკა დატოვა. 02:00 საათზე მოგვმართა თვითდინებით. კონსულტირებული იქნა ჩივილებიდან გამომდინარე სხვადასხვა სპეციალისტის ტრავმატოლოგის და ნევროლოგის მიერ. აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას.
რაც შეეხება რა სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული და სად, ზედაპირული დაზიანებები იყო, ხარისხსა და სიმძიმეზე ექპსერტიზა გაგცემთ პასუხს". - უთხრა IPN-ს ჩხაიძემ.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს. პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.




