NATO

NATO: რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეა

REUTERS

"ლონდონში, NATO-ს პირველ სახლში შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის 70 წლის და რკინის ფარდის დაცემის 30 წლის იუბილე," - 3 და 4 დეკემბერს ლონდონში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ, შეხვედრაში მონაწილე NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი "ლონდონის დეკლარაცია" გამოაქვეყნეს, სადაც რუსეთისგან, ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებზე, ტერორიზმზე, კიბერუსაფრთხოებაზე, უსაფრთხო ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე ხაზგასმით საუბრობენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან ალიანსი აშკარა საფრთხეებისა და გამოწვის წინაშე დგას - "რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს... ჩვენ რუსეთთან ღია დიალოგს ვაწარმოებთ და კონსტრუქციული ურთიერთობა გვექნება მაშინ, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შესაძლებელს გახდის".

რუსეთთან ერთად საფრთხეებში ალიანსი "ყველა ფორმის ტერორიზმს" ასახელებს. საფრთხეებში ასევე აღნიშნულია სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების ქმედებები, რომელებიც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს არღვევს, NATO-ს საზღვრებს მიღმა არასტაბილურობა, როგორც უწესრიგო მიგრაციის საშიშროება, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები.

განცხადებაში რუსეთის საფრთხე კიდევ ერთხელ არის ნახსენები - "ჩვენ ვცნობთ, რომ რუსეთის ახალი შუალედური დამიზნების რაკეტების განთავსება, რამაც შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებაიდან (INF) გამოსვლა გამოიწვია, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ვზრდით ჩენ ქმედებებს, რათა დავიცვათ ჩვენი ზღვებისა და საჰაერო სივრცის თავისუფლება."

NATO ბირთვული და სარაკეტო იარაღის წინააღმდეგ თავდაცვისუნარიანობას გაზრდის - "მანამ სანამ ბირთვული იარაღები იარსებებს, NATO ბირთვულ ალიანსად დარჩება". ამავდროულად, წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციას, მათ შორის ბირთვულ განიარაღებას, გაუვრცელებლობას და ბირთული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას.

ახალი ტექნოლოგიების აღზევების ეპოქაში NATO კვლავ აპირებს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას.  NATO უზრუნველყოფს საკომუნიკაციო ქსელების უსაფრთხოებას, მათ შორის 5G ტექნოლოგიების - "ვაღიარებთ რა საჭიროებას, რომ უსაფრთხო სისტემებს უნდა დავეყრდნოთ".

განცხადებაში წერია, რომ ალიანსი აღიარებს ჩინეთის მზარდ გავლენას და მის საერთაშორისო პოლიტიკას, რომელიც შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც.

ალიანსი კიბერთავდასხმებზე, რაც წევრი ქვეყნების საზოგადოებებსა და მათ უსაფრთხოებას ძირს უთხრის, საპასუხო ქმედებების გაზრდას აპირებს.

ალიანსი უსაფრთხოების გამოწვევების აღსაკვეთად აღიარებს კოსმოსის მნიშვნელობას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ალიანსმა თავის სამეზობლოში და მის მიღმაც პარტნიორობა გააძლიერა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩართულობა და პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგი, მხარდაჭერა გააღრმავა:

"ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას , რაც ალიანსს აძლიერებს და რამაც მილიონობით ევროპელს უსაფრთხოება მოუტანა... ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მამაკაცსა და ქალს, რომლებიც NATO-ს ემსახურებიან და პატივს მივაგებთ მათ, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისთვის სიცოცხლე გაწირა".

ალიანსი კვლავ ერთგულია ე.წ. ვაშინგტონის შეთანხმების (NATO-ს მე-5 მუხლი), რაც გულისხმობს, რომ ერთერთ მათგანზე თავდასხმა, ყველა წევრ სახელმწიფოზე თავდასხმად იქნება აღქმული. სახელმწიფოები ასევე მზად არიან, რომ თავდაცვაში მინიმალური, ბიუჯეტის 2% გაიღონ და ალიანსს მეტი სამხედრო ძალა მიაწოდოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხში პროგრესი არის, თუმცა მეტი იყო საჭირო და ასეც მოიქცეოდნენ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე ხაზგასმით აღიარებს ტრანსატლანტიკური კავშირის მნიშვნელობას. NATO წერს, რომ იმისთვის, რომ ალიანსი კვლავ უსაფრთხოდ იყოს, მათ მომავლისკენ ერთად უნდა გაიხედონ:

"გამოწვევების დროს, როგორც ალიანსი, ჩვენ უფრო ძლიერი ვართ და ჩვენი ხალხი უფრო უსაფრთხოდაა. ჩვენმა კავშირმა და 70 წლის მანძილზე საერთო თავდადებამ ჩვენი თავისუფლებების, ღირებულებებისა და უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყო. ჩვენ ვმოქმედებთ დღეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ NATO ამ თავისუფლებებს, ღირებულებებსა და უსაფრთხოებას თაობების მანძილზე უზრუნველყოფს".

იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება რუსეთის ინტერესებში აღარ შედიოდა. მანამდე, 2002 წელს, ჯორჯ ბუშის ინიციატივით აშშ-მ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება დატოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების ახალი შეთანხმებისთვის მიღწევა სურდათ. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩართვაში ჩინეთიც იყო დაინტერესებული.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა შუალედური დამიზნების რაკეტების ხელშეკრულებაზე განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებაში რუსეთისა და აშშ-ის გარდა ევროკავშირის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

პესკოვმა თქვა, რომ NATO-ს გეგმები თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ადასტურებს მოსკოვის ეჭვებს იმაზე, რომ სამხედრო ალიანსი აღმოსავლეთის მიმართულებით მოქმედებების გაფართოებას და რუსეთის შეკავებას აპირებს - "ეს მხოლოდ შეშფოთებას იწვევს."

ალიანსის სამიტის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სიახლოვე, მისი გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისთვის ერთერთი პოტენციური საფრთხე იყო.

კომენტარები