გია ნოდია

ნოდია: სირცხვილია რომ "სირცხვილია" არ ესწრებოდა შეხვედრას, სიბრიყვეა ეს იყოს განხილვის მთავარი თემა

სირცხვილია (მთავრობის) რომ „სირცხვილიას“ წევრები არ იყვნენ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
სასაცილოა, რომ იქ იყო კაკო ასათიანი.

სიბრიყვეა, რომ ეს ვაქციოთ განხილვის მთავარ თემად ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით (რომელიც არ შემიცვლია იმ დროიდან, როცა ის მხოლოდ პოტენციური მთავრობა იყო) ეს მთავრობა უკიდურესად ცუდია. მაგრამ სანამ ის მთავრობაა, მასზე შეიძლება ზეწოლა მოახდინო, მაგრამ მთლიანად ვერ გააკეთებინებ, რაც გინდა.

არ შევალ კამათში, სასურველია თუ არა ამ მთავრობის ძალით გადაყენება (ცნობისათვის - არ ვთვლი, თუმცა სხვა კონტექსტში შეიძლება სხვანაირად ჩათვალო); თუნდაც ვიფიქროთ, რომ მისი დამხობის დრო მოვიდა, ამის რესურსს ვერ ვხედავ. თუ ასეა, მასზე უნდა მოახდინო ზეწოლა და ელოდო შედეგებს, რომლებიც გარდუვალად შეზღუდული იქნება.

თუ შევხედავთ ძალთა თანაფარდობას ხელისუფლებასა და მოპროტესტე საზოგადოებას შორის, სიტუაცია პატურია. ხელისუფლება ვერ აჩერებს საზოგადოებას, საზოგადოება ვერ აიძულებს ხელისუფლებას, პრინციპულ დათმობაზე წამოვიდეს.

ეს სიტუაცია არც ერთი მხარისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ აქედან სახის შენარჩუნებით და მინიმალური დანაკარგებით როგორ გამოხვიდე, არც ერთმა მხარემ არ იცის.

ასეთ შემთხვევაში ერთგვარი „ჯოკერია“ დასავლეთი, წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსით. მისი შესაძლებლობებიც შეზღუდულია (ის ივანიშვილის პირდაპირ ვერაფერს უბრძანებს), მაგრამ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ამ ვითარებაში, ოპოზიციამ (ფართო აზრით ვამბობ, საზოგადოებრივი მოძრაობების ჩათვლით), პრინციპული მოთხოვნები უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილივით „ძიალოგი, ძიალოგის“ სიმღერაც არ უნდა დაიწყოს - სასაცილო გახდება, როგორც მაშინ სალომე გახდა.

მან თავის პრინციპულ მოკავშირეს - დასავლეთსაც უნდა გაუწიოს ანგარიში. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის ფორმატი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის კომპრომისის შედეგი იყო.

ეს შეხვედრა იყო პირველი მინიშნება, რომ ჩიხიდან ასე თუ ისე პოზიტიური გამოსავალი შეიძლება მოინახოს - თუმცა ამის არანაირი გარანტია, რა თქმა უნდა, არ არის.

ის, რომ ეს შანსი შეიქმნა, უპირველეს ყოვლისა იმ მოძრაობის დამსახურებაა, რის სათავეშიცაა „სირცხვილია“. მისი ლიდერებისთვის და აქტივისტებისთვის არასასიამოვნოა, რომ მთავრობა პროცესიდან მათ გამორიცხვას ცდილობს; მაგრამ ირიბად, ის ამით მათ ძალასაც აღიარებს და აჩვენებს რომ მისი ეშინია. „სირცხვილიას“ ლიდერებმა და მომხრეებმა ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა თავის გამარჯვებად უნდა ჩათვალონ.

ახლა საუბარი უნდა მიდიოდეს უპირველეს ყოვლისა ამ შანსებზე, და არა იმაზე, კონკრეტულად ვინ ზის ან არ ზის მაგიდასთან. თუ არსებობს ეჭვი, რომ ოპოზიციის მხრიდან მომლაპარაკებლები რაიმე პრინციპულად მიუღებელ დათმობებზე მიდიან - მაშინ ეს ვთქვათ (რაც არ შემხვედრია).

წერს პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია.

კომენტარები