ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

კარასინი ამბობს, რომ არ იცის, როდის გაათავისუფლებენ ვაჟა გაფრინდაშვილს

გრეგორი კარასინი ამბობს, რომ მან არ იცის, როდის გაათავისუფლებენ ვაჟა გაფრინდაშვილს.

"ეს არ არის ჩემთვის დასასმელი კითხვა", - თქვა მან პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრის დაწყებამდე ქართველი ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება, მაგრამ როდის, ეს არ არის ჩემთვის დასასმელი შეკითხვა. საქმე ისაა, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შექმნილია ყველა აუცილებელი მექნიზმები: ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების პერიოდული ვიზიტები რეგიონში, თბილისიდან ცხინვალსა და სოხუმში. სწორედ ეს მექანიზმები უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ გადაიჭრას მსგავსი პრობლემები ისე, რომ არ გადავაქციოთ ისინი საერთაშორისო სკანდალად", - თქვა კარასინმა.

მან ასევე თქვა, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, ისევ დუღს პოლიტიკური სიტუაცია და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ აისახება ორმხრივ ურთიერთობებზე.

"ჩვენ პრაღაში ერთმანეთს კარგი სამუშაო განწყობით ვხვდებით. მთავარი ამოცანაა, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან გამოვიყვანოთ, რომელშიც ის შეიყვანეს იმ დემონსტრაციებმა, განცხადებებმა და უხეშობამ, რომელიც გამოიხატა ჩემი ქვეყნის, რუსეთის მიმართ ამა წლის ივნის-ივლისში. ამისთვის, ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა გვაქვს. სამწუხაროდ საქართველოში კვლავ დუღს შიდა პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არანაირად არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ჩიხიდან მშვიდად გამოვიყვანოთ.

მე ვსაუბრობ არა მხოლოდ გავრილოვის ვიზიტიზე, რამედ გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ საქართველოში განვითარდა. მაგალითად, ზოგიერთი ტელეწამყვანის განცხადება პირდაპირ ეთერში, ასევე ის ატმოსფერო, რომელიც შეიქმნა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა რუსი მოქალაქეების, რუსი ტურისტების და ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის. თქვენ იცით, ამას რაც მოჰყვა", - თქვა კარასინმა.

უკვე 20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები