ოპოზიციამ სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთო წერილით მიმართა

ტაბულა

ოპოზიციამ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთო წერილით მიმართა. 

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე, რომელსაც დიდად ველოდით, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ჩააგდო საკონსტიტუტიცო შესწორება, რომელიც საქართველოს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადართვას ითვალისწინებდა, რამაც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებში და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში და ქვეყანა პოლიტიკურ არასტაბილურობაში გადაისროლა. 

ერთსულოვანი მოლოდინები კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დამოკიდებული იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე, რომელმაც თვითონ შესთავაზა ხალხს ეს დათმობა მას შემდეგ, რაც ივნისში ანტისაოკუპაციო დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბია. ივანიშვილს ქვეყნის შიგნით და გარეთ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად იცნობენ. 

კანონპროექტი საერთაშორისო საზოგადოებამ მოიწონა, როგორც პოლიტიკური კონსენსუსის მაგალითი, რომელსაც შეეძლო საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებაში პოზიტიური როლის შესრულება, რადგან ის ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორ სათამაშო პირობებს სთავაზობდა. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე წუხილის გაზრდასთან ერთად, კერძოდ სახელმწისო ინსტიტუტების მიტაცების მზარდ ნიშნებთან, რომლის ფარგლებშიც ივანიშვილი ხელისუფლების ყველა შტოში ძალაუფლების კონსოლიდაციას ახორციელებს, მათ შორის, სასამართლოშიც, კანონპროექტი ითვალისწინებდა სივრცეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილიყო უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემო. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციურმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა 14 ნოემბერს კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ივანიშვილის მიერ კონტროლირებულმა დეპუტატებმა, მათ შორის ვინც თავად იყო კანონპროექტის რეგისტრირებული ინიციატორი, იგი ჩააგდო. ივანიშვილის მიერ მართულმა პოლიტიკურმა შემობრუნებამ მასშტაბური პროტესტი და შედეგად სასქართველოში არსებული ყველა ოპოზიციური ძალის პოზიციების უპრეცენდენტო გაერთიანება გამოიწვია. 

ქართული ოცნების მიერ რეფორმის ჩაგდებისთანავე, ოპოზიციამ მმართველ პარტიას შესთავაზა ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის მიღება (საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ვერსიის, რომელიც დეპუტატების ფიქსირებულ რაოდენობას ითვალისწინებს). ამის მიღებას მხოლოდ მარტივი უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში. ქართული ოცნებიდან 35 დეპუტატის ხმა საკმარისი იქნებოდა. 

ეს მოდელი ინარჩუნებს ერთმანდატიან (მაჟორიტარულ) ოლქებს, მაგრამ პარლამენტში პარტიის საბოლოო წარმომადგენლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული მხარდაჭერის პროპორციულად განსაზღვრავს. სამოქალაქო საზოგადოება მიესალმება ამ ინიციატივას, როგორც კონსტიტუციურსა და შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის რაციონალურ გზას. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს ამ შეთავაზების ნებისმიერ სერიოზულ განხილვას. 

გასულ კვირას, 17 ნოემბერს ათობით ათასი ადამიანი დაესწრო ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლას, რომლის მოთხოვნებიც იყო: პრემიერმინისტრის გადადგომა, რიგგარეშე პროპორციული არჩევნები (რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ და ხელახლა დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს) და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ივნისში გამართული პროტესტის დროს და მის შემდეგ დააკავეს. 

საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და მისიას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ, მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გადასაჭრელად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებში". 

ევროპული საქართველოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების, გირჩის, ლელოსა და რესპუბლიკური პარტიის გარდა, წერილს ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური მოძრაობებიც: 

წერილს ხელს აწერენ: ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, სამართლიანობის პარტია, თავისუფალი საქართველო, საქართველო ლიდერებს შორის, ლეიბორისტული პარტია, კანონი და სამართალი, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, ახალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები, პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნა, ემსახურე საქართველოს, საქართველოს პარლამენტარების საზოგადოება, შენების მოძრაობა, ტრადიციონალისტების კავშირი, ვეტერანების პარტია, გამარჯვებული საქართველო. 

კომენტარები