ვაჟა გაფრინდაშვილი

საოკუპაციო რეჟიმი: ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი

​ოკუპირებლი ცხინვალის რეგიონის КГБ, იგივე უშიშროების სამსახური ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. 

"კგბ-ს სასაზღვრო სამსახურის მიერ გამოძიებისას დადგინდა, რომ გაფრინდაშვილი 9 ნოემბრის დილით სამხრეთ ოსეთთან ახლოს მდებარე სოფელში, საკორინთლოში ჩავიდა, რის შემდეგაც მან უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

იმის გამო, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ლენინსორსკის საოქლო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოეყოფა სახელმწიფო ადვოკატი", - აცხადებს ოკუპირებული რეჟიმის ე.წ უშიშროების სამსახური.

საოკუპაციო რეჟიმის KGB ასევე მიუთითებს, რომ "სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დარღვევის ხშირი შემთხვევები დაკავშირებულია თბილისის რეჟიმთან, რომელმაც ქართული პოლიციის უკანონო საგუშაგო შეიქმნა სოფელ წნელისის მიდამოში და წარმოადგენს ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს, რომლებიც ემსახურება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" კონცეფციის აღმოფხვრასა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიას.

აღნიშნული მიზეზით, სამხრეთ ოსეთის პასუხი გაფრინდაშვილისა და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე არ გასცდება სამართლის ჩარჩოებს, რათა აღიკვეთოს რეცედივი და დაძაბულობის ესკალაცია, და ასევე დაცული იყოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა". 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 10 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

კომენტარები