მუცო

"საზოგადოების რჩეულის" ჯილდო ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა მიიღო (ვიდეო]

პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს "საზოგადოების რჩეულის“ ჯილდო მიანიჭეს. "საზოგადოების რჩეულის" გამოსავლენად ხმის მიცემის პროცედურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 15 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გუშინდელ დაჯილდოებაზე, მუცოს რეაბილიტაციის პროექტს კონსერვაციის კატეგორიაში "ევროპა ნოსტრას" პრიზიც გადასცეს, რომელიც პროექტმა მაისში მიიღო.

დაჯილდოების ვიდეო Facebook-ზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. ჯილდო მან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ პირადად მიიღეს. 

"ჩვენ თავისუფლად ვგრძნობთ თავს ევროპული ოჯახის წევრად, ამიტომ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის მოვლაში" - განაცხადა ანთიძემ სიტყვით გამოსვლისას. 

"მეც გავაგრძელებ, საქართველოს მივულოცავ, მუცო საქართველოა და მუცო ევროპაა" - თქვა ზურაბიშვილმა.

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, რეაბილიტაციის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ (2014-2015 წწ) 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციითვე, ძეგლის აღდგენისთვის, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 1 მილიონ 215 ათასი ლარი დახარჯა.

კომენტარები