ახლო აღმოსავლეთი

ისლამური სახელმწიფოს აღზევება და დაცემა — ისტორია ფოტოებში

2014 წლის იანვარში, სამხრეთ სირიაში, ქალაქ ტელ-რიფაატში სირიელი აჯანყებულების ერთ-ერთ შეტევას, 60 წლამდე თეთრწვერიანი მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცს თან აღმოაჩნდა დოკუმენტების დასტა. მოგვიანებით გაირკვევა, რომ დოკუმენტები სახელმწიფოს დაყოფისა, მართვის ხელნაწერ სქემებს და იდეებს წარმოადგენდა.

რიგითი შეტაკებაში დაღუპული თეთრწვერიანი მამაკაცი, ისლამური სახელმწიფოს უცნობი ლიდერი და არქიტექტორი, საამირ აბდ-მუჰამად ალ-ხალიფაუი იგივე ჰაჯი-ბაქრი იყო.

საამირ აბდ-მუჰამად ალ-ხალიფაუი იგივე ჰაჯი-ბაქრი.
ფოტო: kyleorton1991.com

წინა წლის მარტში, საერთაშორისო კოალიციის მიერ მხარდაჭერილმა, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლება დაიკავეს. 26 ოქტომბერს სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ამერიკელი სამხედროების ალყაში აღმოჩენილმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

ასე დასრულდა ისლამური სახელმწიფოს პირველი და უკანასკნელი ხალიფას სიცოცხლე. ხალიფატმა სულ რამდენიმე წელი გასტანა, მაგრამ ამ მოკლე დროშიც დაჯგუფების შუასაუკონოებრივმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. სახელმწიფოდ გარდაქმინილი ტერორისტული ორგანიზაცია ამ დრომდე მსოფლიოსთვის უცნობ ფენომენად რჩებოდა.

იდეოლოგიური წინაპრები 

იდეოლოგიური საფუძველი, რომელსაც დაეში დაემყარა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ისლამისა და ყურანის პირდაპირი, ტრადიციონალისტური აღქმის პოპულარიზაციაში უმნიშვნელოვანესი როლი, მეცხრე საუკუნეში მცხოვრებმა თეოლოგმა, აჰმად იბნ-ჰანბალმა შეასრულა. 

ჰანბალი სუნიტური ისლამის ოთხი მთავარი სკოლიდან ერთ-ერთის დამფუძნებელია. ჰანბალის გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგ, საპყრობილეში გარდაიცვალა მისი გავლენიანი მიმდევარი იბნ თაიმია. 

სწორედ ეს ორი თეოლოგი მიიჩნევა იმ სწავლების დამფუძნებლად, რომელიც დღეს სალაფიზმის სახელით არის ცნობილი. იბნ-თაიმიას და ჰანბალის იდეებმა მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრები კიდევ ერთი თეოლოგი, მუჰამმად იბნ აბდ ალ-ვაჰაბი გაიტაცა. ვაჰაბიმ ისლამის ყველაზე მკაცრი და პურიტანული ვერსია შეიმუშავა. ადგილობრივ მმართველებთან მშვიდობიანი პაქტის დამყარებით "ვაჰაბიზმი" რეგიონში სწრაფად გავრცელდა. ერთერთი ასეთი გარიგება ვაჰაბსა და საუდის არაბეთის მეფეს იბნ ალ-საუდს შორის შედგა.

ჩამოთვლილი თეოლოგების შრომა მეტწილად უცნობი დარჩებოდა, რომ არა მეოცე საუკუნეში მცხოვრები ეგვიპტელი მოაზროვნე, საიდ ქუთბი. სწორედ, ქუთბის ნაშრომების მეშვეობით გავრცელდა სალაფიზმი მეოცე საუკუნეში. მისმა საქმიანობამ დიდი გავლენა იქონია ახალი თაობის ჯიჰადისტებზე, მათ შორის, ალ-ქაიდაზე - ცხადია, ისლამურ სახელმწიფოზეც. ქუთბი 1966 წელს ეგვიპტეში ჩამოახრჩვეს. 

საიდ ქუთბი საპყრობილეში 1966 წელი.
ფოტო: bbci.co.uk

საბჭოთა კავშირი ავღანეთში

საბჭოთა ჯარები ავღანეთში 1980 წელი.
ფოტო: bbci.co.uk

1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრამ, რეგიონში მცხოვრები ათასობით ჯიჰადისტისთვის მაგნიტის როლი შეასრულა. სხვადასხვა მონაცემებით, ავღანურ წინააღმდეგობას 35 ათასამდე ჯიჰადისტი შეურთდა, რამაც ავღანეთი სსრკ-ს ვიეტნამად აქცია. 

როგორც მათ უწოდებნენ არაბი ავღანელები შედარებით იშვიათად ერთვებოდნენ ღია შეტეკებებში. საბჭოთა ოკუპაციის წლებში ახლო აღმოსავლეთში კარგად ორგანიზებული და იერარქიული ჯიჰადისტთა ქსელი ჩამოყალიბდა. სწორედ ავღანეთში მოიკვეთა კბილი თანამედროვე ჯიჰადისტების უმრავლესობამ. 

საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა. თალიბანის მთავარი პარტნიორი ამ საქმეში კი ალ-ქაიდა იყო. დროთა განმავლობაში ავღანეთი ალ-ქაიდას ბაზირების მთავარ პუნქტად იქცა. ავღანეთდან დაიგეგმა 11 სექტემბრის ტერაქტიც.

ტატუირებული ტერორისტი

აბუ მუსაბ ალ-ზარკაუი
ფოტო: bbci.co.uk

ავღანეთის გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როგორც გამოცდილი მებრძოლების, ასევე ჯიჰადის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. სწორედ ავღანეთში გამოცდილი ადამიანები გახდებიან მოგვიანებით დაეშის სულისჩამდგმელები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ პროცესებში, იორდანელი აბუ მუსაბ ალ-ზარკაუი იყო, რომელსაც ხშირად ისლამური სახელმწიფოს მამადაც მოიხსენიებენ. იორდანიაში უმაღლესი სასწავლებლის მიტოვების შემდეგ ზარკაუი ნარკოვაჭრობისთვის დააპატიმრეს. 

იორდანიის რელიგიური სკოლებიდან ზარკაუი პირდაპირ ავღანეთში გაემგზავრა, თუმცა, იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ჯარები ავღანეთს ტოვებდნენ და ზარკაუის თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა. ზარკაუი იორდანიაში დაბრუნდა, სადაც ტერორიზმისთვის თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე წელში ზარკაუი გენერალური ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. 

1999 წლის გაზაფხულზე შედგა შეხვედრა, რომელმაც ზარკაუისა და ახლო აღმოსავლეთის ცხოვრება ძირეულად შეცვალა. ოსამა ბინ-ლადენისა და აიმან ალ-ზავაჰირის შეხვედრა ზარკაუისთან ნახევრად წარმატებული გამოდგა. საქმე ისაა, რომ ალ-ქაიდას ლიდერებს ზარკაუის სიჯიუტე და მის სხეულზე არსებული ტატუები არ მოეწონათ. გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალგაზრდა კოლეგის პოტენციალი თვალსაჩინო იყო. შეხვედრის შემდეგ ზარკაუი ალ-ქაიდას არ შეურთდა, თუმცა, ზავაჰირიმ და ბინ-ლადენმა მას დასავლეთ ავღანეთში, ჰერათის ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკი ჩააბარეს. 

ჰერათის ბანაკში ზარკაუი აბუ აბდულა ალ-მუჰაჯირთან ერთად მუშაობდა, მუჰაჯირის ნაშრომი სისასტიკის მენეჯმენტი მოგვიანებით დაეშის წევრთა მთავარი სახელმძღვანელო გახდა.

ომი ტერორთან — სადამის დასასრული 

დემონსტრანტი ქვას ესვრის სადამ ჰუსეინის პორტრეტს 2003 წელი ერაყი.
ფოტო: Alex Majoli—Magnum Photos

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ავღანეთი იქ მოკალათებული ჯიჰადისტებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ავღანეთის კოალიციურ დაბობმვებს მალევე მოყვა ალ-ქაიდას წინაღმდეგ მიმართულო ომი ტერორიზმთან. 

ოსამა ბინ-ლადენმა და აიმან ალ-ზავაჰირიმ ავღანეთი დატოვეს, მათ სჭირდებოდათ ველი, სადაც თავიანთ დასავლელ მტრებს დაუპირისპირდებოდნენ. ერაყის სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან ერთად ჯიჰადისტებს თავის გამოჩენის ახალი ველი მიეცათ. სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ამერიკულმა არმიამ 2003 წლის 20 მარტს დაიწყო. 

აშშ-ის ინტერვენციამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის სოციალური წესრიგიც. ერაყში შიიტური მოსახლეობა უმრავლესობას შეადგენს, ამის მიუხედავად, სადამ ჰუსეინის მმართველობაში ქვეყანას სუნიტური უმცირესობის პარტია, ბაასი მართავდა. სადამის ჩამოგდების შემდეგ ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, სადაც შიიტებმა მეტი უფლებები მიიღეს. 

ამერიკელების შეჭრას მოყვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ათასობით სუნიტის გათავისუფლება და დაპატიმრება. მოსახლეობის სუნიტურ ნაწილში ცვლილებები სოციალური მღელვარებით ხასიათდებოდა. სწორედ, ცვლილებებით უკმაყოფილო და უსაქმოდ დარჩენილი ბაასისტები გახდნენ ქვეყანაში მოქმედი ტერორისტების მთავარი პარტნიორები. 

სადამის სპეცსამსახურებში გამოწვრთნილ ბაასისტებთან ახლო კავშირი დაამყარა აბუ მუსაბ ალ-ზარკაუიმ. ბაასისტებისა და ზარკაუის ჯგუფის წევრების თაანამშრომლობით ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი ტერაქტი განხორციელდა. მათი მთავარი სამიზნე ამერიკელებთან ერთად, ერაყის შიიტი მოსახლეობა იყო. 

აშშ-ის არმიის ძალისხმევის ზრდასთან ერთად, მცირდებოდა ტერორისტთა წინააღმდეგობაც. დროთა განმავლობაში ალ-ზარკაუის, ალ-ქაიდას შემადგენლობაში შესვლა დასჭირდა. ასე იქცა ზარკაუის ჯგუფი ალ-ქაიდის ოფიციალურ ფილიალად ერაყში. 

ზარკაუი 2006 წელს ამერიკელების ავია იერიშების დროს მოკვდა, მისი იდენტიფიცირება მარტივად, იმ ტატუების მეშვეობით მოხდა, რომელიც ზარკაუის არასდროს წაუშლია. ზარკაუის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შედმეგ, მისი ჯგუფი ისლამურ სახელმწიფოდ [IS] გადაკეთდა. განახლებულ ჯგუფში ალ-ქაიდას, ბაასისტებისა და სხვა სექტების წარმომადგენლებთან ერთად ჯიჰადისტების ახალი თაობაც გაერთიანდა. 

ამერიკელი სამხედროების პრესკონფერენცია აბუ მუსაბ ალ-ზარკაუის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 2006 წელი
ფოტო: bbci.co.uk

ახალი ლიდერი ბაღდადიდან

მოჰამად ავად ალ-ბადრი, იგივე აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი
ფოტო: danielleworld.com

2010 წლის აპრილში, ერაყისა და აშშ-ის ერთობლივი სპეცოპერაციისას ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას ორი ლიდერი გაანადგურეს. ორივე მათგანი ერთმა ადამიანმა შეცვალა, რომლის სახელი მაშინ მხოლოდ მისი ახლობლებისთვის იყო ცნობილი. 

ოთხი წლის შემდეგ, იგი ხალიფა იბრაჰიმად გამოცხადდება და მსოფლიო მას აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სახელით გაიცნობს. იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი 1971 წელს ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ სამარაში დაიბადა. დაბოლოება ალ-ბაღდადი როგორც ჩანს უფრო ზოგად ნაციონალური იმიჯისთვის იქნა დამატებული, ხოლო აბუ-ბაქრი კი მუჰამედის პირველ მემკვიდრესთან რეფერირებს. 

ამავდროულად, ალ-ბაღდადი მუჰამედის მშობლიური ყურეიშიტების ტომის ხაზით მუჰამედისა და აბუ-ბაქრის პირდაპირ შთამომავლად მიიჩნეოდა. წარმომავლობამ ალ-ბაღდადის აღზევებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. არსებული ინფორმაციით, ახალი ხალიფა ბაღდადის უნივერსიტეტის ისლამური თეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. როგორც ცნობილია, ალ-ბაღდადი 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი სუნიტური მეჩეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარე, პატარა ოთახში ცხოვრობდა. ეს დრო ბაღდადიმ სალაფისტური თეოლოგიის შესწავლას დაუთმო.  

აშშ-ის დაწყებული ამერიკული ოპერაციის შემდეგ, ალ-ბაღდადი ერთ-ერთ რადიკალური ჯგუფის წევრობისთვის დააპატიმრეს. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში 20 ათას პატიმართან ერთად ერაყში, ბუკას ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. აქ რელიგიურ პირებთან ერთად ყოფილი ბაასისტებიც იმყოფებოდნენ. სწორედ აქ შედგა ალ-ბაღდადისა და მოჰამად იბნ ალ-ხალიფაუის პირველი და საბედისწერო შეხვედრა. 

რამდენიმე წელში ხალიფაუიცა და ალ-ბაღდადიც უსაფრთხო პირებად მიიჩნიეს და ათასობით სხვა პატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს. 

2011 წელი სირია — ახალი შესაძლებლობები 

ფოტო: EMANUELE SATOLLI

2011 წლის იანვარში, ტუნისის მთავრობამ 26 წლის მოვაჭრეს, მოჰამედ ბუაზიზის დედაქალიდან 260 კილომერტის მოშორებით ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა აუკრძალა, მეტიც პოლიციელებმა მას პროდუქცია ჩამოართვეს. სახელწიფოს თვითნებობით და პოლიციის ძალადობით შეწუხებულმა ბუაზიზიმ ბენ არუსის ცენტრალურ ბაზრობაზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ბუაზიზის კადრები ინტერნეტის საშუალებით მთელმა მსოფლიომ იხილა. 10 დღის შემდეგ ბუაზიზი მიღებული დამწვრობებისგან გარდაიცვალება, ხოლო რეგიონში პროტესტის ტალღა დაიწყება, რომელიც არაბული გაზაფხულის სახელით გახდება ცნობილი. 

არაბული გაზაფხულის შედეგადად რეგიონმა დეკოლონიზაციის შემდეგ, არნახული მასშტაბის პოლიტიკური ტრანფორმაცია განიცადა. ამ პერიოდში ხელისუფლება შეიცვალა ოთხ სახელწიფოში, მათ შორის ტუნისშიც, სამოქალაქო დაპირისპირებამ იფეთქა სირიასა და ბაჰრეინში, ხოლო რეგიონის კიდევ შვიდ სახელმწიფოში მასობრივი სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. 

ყველაზე დრამატულად მოვლენები სირიაში განვითარდა. საპროტესტო დემონსტრაციები ასადების დინასტიის წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტვით დამთავრდა. 2011 წლის 15 მარტს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 

ცხადია პროცესში ჩაერთვნენ ჯიჰადისტებიც. ამ დროისთვის სირიაში უკვე მოქმედებდა ალ-ნუსრას სახელით ცნობილი ჯიჰადისტების დაჯგუფება. ალ-ნუსრას ადგილზე აბუ მოჰამედ ალ-ჯავლანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ადგილზე სწორედ ალ-ბაღდადიმ გააგზავნა, თუმცა ჯავლანის ვითარების თავისი ხედვა ჰქონდა.

შედარებით პრაგმატული და ნაკლებ სასტიკი ნაბიჯების გამო ალ-ნუსრა აჯანყებულთა სხვადასხვა დაჯგუფებებთან მალევე შევიდა ალიანსში და სირიის მოცულობითი ტერიტორიაც დაიკავა. 

ხალიფას გავლენა ალ-ნუსრას ფრონტზე სულ უფრო მცირდებოდა და ალ-ბაღდადიმ ალ-ნუსრას საბოლოო დამორჩილება სცადა. ალ-ბაღდადიმ განაცხადა, რომ ალ-ნუსრა მისი მბრძანებლობის ქვეშ მოქმედებდა და ფრონტის მიერ დაკავებული ტერიტორიები ახალი, ერაყისა და სირიის [ლევანტეს] ისლამური სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა. ასე დაიბადა ერაყისა და სირიის [ლევანტეს] ისლამური სახელმწიფო [ISIS; ISIL].

ჯავლანიმ ბაღდადის მორჩილებაზე უარი თქვა, ხოლო ისლამური სახელმწიფოს მშობლიური ორგანიზაციის ალ-ქაიდას ლიდერმა ზავაჰირიმ ალ-ბაღდადის განზრახვაზე ხელის აღება ურჩია. საქმე იმაშია, რომ ამ დროისთვის ალ-ქაიდა ალ-ბაღდადიზე მხოლოდ ფორმალურ გავლენას ინარჩუნებდა. საბოლოოდ ალ-ნუსრა და ისლამური სახელმწიფო ერთმანეთს სირიაში დაუპირისპირდნენ.

არაერთი მარცხის მიუხედავად, ალ-ბაღდადის დაჯგუფებამ რეგიონული ცენტრი, რაქა დაიკავა. დროთა განმავლობაში ალ-ნუსრას არაერთი წევრი ისლამურ სახელმწიფოს შეურთდა. ალ-ქაიდა კი ისლამურ სახელმწიფოს საბოლოოდ გაემიჯნა.

რაქას დაკავებამ ისლამური სახელმწიფოს მომავალ წარმატებაში საკვანძო ფუნქცია შეასრულა, თუმცა მალევე დაჯგუფება ჩაკეტილი აღმოჩნდა და გაფართოების შესაძლებლობა დაკარგა. მაშველი რგოლის ფუნქცია ტერორისტებისთვის ამჯერადაც ერაყმა ითამაშა. 2011 წლის დეკემბერში ერაყი უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს. 

Good Buy America

სადამ ჰუსეინი ერაყის არმიისა და სპეცსამსახურების ოფიცრებთან.
ფოტო: bbci.co.uk

პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, უკანასკნელმა ხუთასმა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ერაყი 2011 წლის 18 დეკემბერს დატოვა. ქვეყნიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გასვლისა და არაბული გაზაფხულის ფონზე, ერაყში სამოქალაქო მღელვარება დაიწყო. გამორჩეულად დიდი მასშტაბის პროტესტი ქვეყნის სუნიტურ რეგიონებში დაიწყო. ერაყის ამ ნაწილში შიიტური მმართველობით უკმაყოფილება განსაკუთრებით მაღალი იყო. 

ცხადია, ეს შესაძლებლობა გამოიყენა დაეშმაც. სოციალური მღელვარების პარალელურად ერაყში ისლამური სახელმწიფოსა და ბაასისტების მიძინებული ქსელი ამოქმედდა. ამ დროისთვის სირიაში იმყოფებოდა თავად ალ-ბაღდადიც, თუმცა მალევე მან ახალ პრიორიტეტად ერაყი გამოაცხადა. 

რამდენიმე თვეში ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში პირველ წარმატებას მიაღწია და ფალუჯა დაიკავა. ამას მოყვა შეტევები ერაყის სამთავრობო არმიის ბაზებზე. ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა და შეიარაღებულმა ერაყელებმა ტერორისტებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პოზიციები უბრალოდ მიატოვეს.

ტერორისტებს ხელში დიდი რაოდენობით უახლესი და უმაღლესი ხარისხის შეიარაღება ჩაუვარდათ. ისლამური სახელმწიფოს წევრები თავიანთ სტილს ერაყშიც არ ღალატობდნენ. ერთ-ერთი სამხედრო სასწავლებლის დაკავების შემდეგ ტერორისტებმა 1700 უიარაღო სტუდენტი მოკლეს. 

2014 წლის გაზაფხულზე ისლამური სახელმწიფო ერაყში უკვე აკონტროლებდა ფალუჯასა და სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტს. 2014 წლის ივნისში, ჯიჰადისტებმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული დაიკავეს. მოსულის დაკავება გარდამტეხ მოვლენად იქცა, ისლამური სახელმწიფო აღარ იყო იატაკქვეშეთში მოქმედი ტერორისტული ჯგუფი. ნათელი გახდა, რომ დაჯგუფება არამხოლოდ ერაყსა თუ სირიას, არამედ მთელ მსოფლიოს უქმნიდა საფრთხეს. 

ამ გარდატეხის შესახებ მალევე გამოაცხადა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავის პირველ საჯარო ქადაგებაში. 

ისლამური სახელმწიფოს დროშა ერთ-ერთი ჯიჰადისტის საწოლ ოთახში მოსული ერაყი
ფოტო: The ISIS Files: When Terrorists Run City Hall - The New York Times

ხალიფატის დაბრუნება და მოციქულის მანტია

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, ალ-ნურის დიდი მეჩეთი მოსული ერაყი 29,06,2014
ფოტო: bbci.co.uk

2014 წლის 29 ივნისს, მოსულის ალ-ნურის დიდ მეჩეთში, თავის პირველ საჯარო ქადაგებაში, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის დააარსება გამოაცხადა. ალ-ბაღდადიმ თავი მუჰამედის პირდაპირ მემკვიდრედ და ახალ ხალიფა იბრაჰიმად დაასახელა. ალ-ბაღდადიმ მსოფლიოს მუსლიმებს მოუწოდა შეერთებოდნენ მის მოძრაობას. ხალიფატის გამოცხადებამ, ორგანიზაციას გლობალური მნიშვნელობა შესძინა. 

ალ-ბაღდადის განცხადებებს ისლამურ სამყაროში დიდი რეზონანსი მოყვა. ხალიფატი ეს იყო მაქსიმა, რომელსაც ალ-ბაღდადის ყველა წინამორბედი კრახის შიშით გაურბოდა, მათ შორის, ოსამა ბინ ლადენიც.

არაბულად ხილაფა, ხალიფის მმართველობაა. ხალიფა კი მოციქულ მუჰამედის პირდაპირ მემკვიდრეს ნიშნავს. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ ოთხი ხალიფის მმართველობის პერიოდში ხალიფატი ირანიდან ლიბიამდე და კავკასიიდან ესპანეთამდე გადაიჭიმა. ბაღდადში დაარსებული აბასიდების ხალიფატი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმპერიად მიიჩნევა. პირველი მარცხი ხალიფატმა 1258 წელს განიცადა, როდესაც ერაყის დედაქალაქი მონღოლებმა აიღეს. 

ამის შემდეგ, ხალიფატმა კიდევ ერთი რეინკარნაცია ოსმალეთის იმპერიის სახით განიცადა. საბოლოოდ, 1924 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქმა ხალიფატი გააუქმა.

ალ-ბაღდადის ნაბიჯები მის ექსტრაორდინალურ ამბიციაზე მიუთითებდა. ალ-ბაღდადიმ მოციქულის მანტიაზე განაცხადა პრეტენზია. ცხადია თეოლოგებსა და ისლამის სასულიერო ავტორიტეტებს შორის, ალ-ბაღდადის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნდა, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანში ხალიფატის გამოცხადებამ ექსტრემისტული სენტიმენტები გააღვივა. 

ხალიფატის გამოცხადებიდან ოთხი თვის შემდეგ, ისლამურ სახელმწიფოს 11 სახელმწიფოში ქონდა საკუთარი ფილიადი აქედან ხუთში ეს დაჯგუფებები სხვადასხვა მნიშვნელობის ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. ტერორისტების მმართველობის ქვეშ მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა. 

მშობლიური ქალაქიდან გამოდევნილი მოსულის მაცხოვრებლები
ფოტო: EMANUELE SATOLLI

ტერორში გახვეული მსოფლიო

სირიის სამთავრობო არმიის ჯარისკაცი, რომელიც ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯერ 2013 წელი სირია
ფოტო: Emin Özmen—Magnum Photos

მოსულის დაკავების შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ისლამური სახელმწიფო აქტივობას შეამცირებდა და უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე ფოკუსირდებოდა. ამის საპირისპიროდ ისლამური სახელმწიფოს აქტივობა და არც ერთი წუთით არ შემცირებულა. 

დაჯგუფების წევრების ექსტრემისტული და სასტიკი ნაბიჯების გამო, მათ რეგიონში წარმოდგენილი ყველა ძალა დაუპირისპირდა. აგვისტოს დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ ერაყში მცხოვრები ქურთების დასაცავად ავია იერიშების ავტორიზაცია მოახდინა. აშშ-ის შემდეგ იგივე ნაბიჯი 14 სახელმწიფომ გადადგა. 

დაბომბვების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, ისლამურმა სახელმწიფომ პირველი დემონსტრაციული მკვლელობის ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის მკვლელობა იყო ასახული. ხსენებულ ვიდეოში ნიღბიანი ტერორისტმა განაცხადა, რომ ეს პასუხი იყო აშშ-ის დაბომბვებზე.

მოგვიანებით გაირკვევა, რომ ფოლის მკვლელი ქუვეითში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე, მოჰამად ემვაზი იყო. იგი ჯონი ჯიჰადის ფსევდონიმით გახდება ცნობილი. ემვაზის კვალზე სამართალდამცავები მისი ბრიტანული აქცენტის მეშვეობით გავლენ.

მომდევნო თვეებში მასობრივი მკვლელობის კადრები ისლამურ სახელმწიფოსგან ყოველკვირეულად გავრცელდება. ხალიფატის არსებობის სამ წელიწადში ისლამურ სახელმწიფოს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან ათასობით მებრძოლი შეურთდა, მათ შორის იყო საქართველოს ხუთასამდე მოქალაქეც. 

მოსულის შემოგარენი სადაც დაეშელებმა 16 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს 2016 წლის 30 აპრილი
ფოტო: EMANUELE SATOLLI

ხალიფატის გამოცხადებიდან სამი წლის განმავლობაში, მსოფლიოს 29 სახელმწიფოში ისლამური სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული 150 ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელსაც 2000 ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

რეგიონის ფარგლებს გარეთაც ისლამური სახელმწიფო თავისი სტილის ერთგული რჩებოდა, მათი ტერორისტული აქტები არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. 

მოხალისეები დაღუპულთა გვამებს აგროვებენ 2017 წელი მოსული ერაყი
ფოტო: Ivor Prickett

ცხოვრება ისლამურ სახელმწიფოში

ბაშვები თამაშობენ ისლამური სახელმწიფოს დროშის ფონზე სირია 2016 წელი
ფოტო: TIME

სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, დაეშის წევრები განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებოდნენ იდეოლოგიას. თავის პიკში დაეში საქართველოზე ორჯერ დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა. ამ პერიოდში ტერორისტების მმართველობის ქვეშ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ეს პორტუგალიის მთლიანი მოსახლეობის ექვივალენტია. 

ისლამური სახელმწიფოს აღზევების პერიოდში ტერორისტები სისასტიკეს იჩენდნენ არამხოლოდ ადამიანების მიმართ, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართაც. ამ პერიოდში ტერორისტებმა გაანადგურეს პალმირას უძველესი ქალაქი სირიაში, ხოლო მთავარი არქეოლოგი სიკვდილით დასაჯეს. განადგურებას ვერ გადაურჩა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები ერაყსა და ლიბიაში. 

დაეშის მმართველობაში მცხოვრები ადამიანების მონათხრობის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ორგანიზაცია ცდილობდა შეექმნა სახელმწიფო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ისლამური სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა ადამიანების ცხოვრებას, მათი ჩაცმულობიდან დაწყებული მათი შეხედულებებით დამთავრებული.

დაეშის მიერ, დაკავებულ ტერიტორიებზე მოქმედებდა მორალის პოლიცია, რომელიც მოსახლოების ზნეობრივ პრეფერენციებს აკონტროლებდა. 

სირიელი და ავღანელი დევნილები სირიის საზღვრის გადალახვას ცდილობენ 2016 წელი
ფოტო: Jerome Sesini

ამ კვაზისახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედებდა სასამართლოები, თვითმხილველების მიხედვით უკვე შემოჭრის მომენტში დაეშის წევრები კარგად იცნობდნენ ადგილობრივ ვითარებას და მოსახლეობას. ამის უკან დიდი ისლამური სახელმწიფოს ბაასისტი წევრების შრომა იდგა. 

დაეში დიდ ყურადღებას უთმობდა ინტერნეტს და გააჩნდა პროპაგანდისტული გამოცემებიც. ამ გამოცემების მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები სხვა მუსლიმების გადაბირება იყო. სამართლის საფუძველი რასაკვირველია შარიათი გახდა. სასამართლოებს გამოჰქონდათ განაჩენი ხელების მოკვეთის, სიკვდილით დასჯის და ჩაქოლვის შესახებ. ტერორისტები კრეფდნენ გადასახადებსაც. 

უნდა ითქვას, რომ მოკლე დროში ისლამური სახელმწიფო ფინანსურად საკმაოდ გამართულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მათ ხელში აღმოჩნდა ერაყის ცენტრალური ბანკის მოსულის ფილიალი, საიდანაც მათ 500 მილიონი დოლარი გაიტაცეს. ტერორისტების ხელში აღმოჩნდა, ნავთობის მსხვილი საბადოებიც. სხვადასხვა მონაცემებით, დაეშის შემოსავალმა 2014 წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

ერაელები საკვების მოლოდინში მოსული 2017 წლის აპრილი
ფოტო: EMANUELE SATOLLI

ამ უპირატასობების მიუხედავად, ისლამური სახელმწიფო ისეთი ზომის ბოროტებად ჩამოყალიბდა, რომლის იგნორირება მსოფლიოს უკვე აღარ შეეძლო. 

სადამსჯელო კოალიცია

ერაყელი სნაიპერი დაეშის პოზიციებზე შეტევისას 2017 წლის 30 მარტი
ფოტო: EMANUELE SATOLLI

დასავლურმა სახელმწიფოებმა ავია იერიშები ერაყის შემდეგ მალევე დაეშის სირიის პოზიციებზე მიიტანეს. ამ დროისთვის ერაყში უკვე იმყოფებოდა ასობით ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც ერაყის სამთავრობო არმიასა ქურთების დაჯგუფებებს ეხმარებოდნენ. 

2015 წლის პირველ აპრილს, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ტიკრიტი დაიბრუნა. აქედან რამდენიმე თვეში ქურთების დაჯგუფებებმა დაიკავეს სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება ტელ-აბიადი. მომდევნო თვეებში დაეშის პოზიციების დაბომბვა დაიწყო თურქეთმაც. 

სექტემბრში კოალიციას რუსეთიც შეურთდა. რუსების თქმით, მათი მთავარი მიზანი ისლამური სახელმწიფოს განადგურება იყო, თუმცა მათ იერიშებს ხშირად ბაშარ ასადის ოპოზიციური ჯგუფები ეწირებოდნენ. 

2015 წლის შემოდგომაზე, ისლამური სახელმწიფოს შეუქცევადი დასუსტებისა და განადგურების პროცესი დაიწყო. გადამწყვეტი დარტყმა ტერორისტებმა 2015 წლის პირველ დეკემბერს მიიღეს. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ქურთების მხარდასაჭერად აშშ ერაყში სამხედრო ოპერაციას იწყებდა. 

ერაყში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო დაბრუნდა. დაეშის განადგურებაში განსაკუთრებული როლი სწორედ აშშ-ისა და ქურთების ალიანსმა ითამაშა. ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი დაეშმა ქურთების ქალაქ ქობანეს შეტევისას განიცადეს. 

ქურთი მებრძოლი განადგურებული მოსულის ფონზე 2017 წელი ერაყი
ფოტო: TIME

2016 წლის 26 ივნისს ერაყის სამთავრობო ძალებმა ფალუჯა დაიბრუნეს და მოსულს მიახლოვდნენ. ამ დროიდან ისლამური სახელმწიფო მილევად რეჟიმში გადავიდა. 

გადამწყვეტი ბრძოლა 

დაკითხვისა და წამების ოთახი 2016 წელი ფალუჯა ერაყი
ფოტო: Paolo Pellegrin

2016 წელი დაეშისთვის ყველაზე უიღბლო წელი გამოდგა. ამ პერიოდში დაჯგუფებამ დაკარგა კონტროლი ერაყისა და სირიის რამდენიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე. მათ შორის დაიწყო გადამწყვეტი შეტევები მოსულისა და რაქას მიმართულებით. 

2016 წლის 17 ოქტომბერს ერაყის სამთავრობო ძალებმა მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. დეკემბერში ისინი ქალაქის დასავლეთ სანიპიროს სრულად აკონტროლებენ. თებერვალში კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყება.

ბიჭუნა ველოსიპედით დატბორილი მოსულის ქუჩებში 2017 წლის პირველი აპრილი
ფოტო: EMANUELE SATOLLI
 

პარალელურად დაეში კარგავს პოზიციებს სირიაშიც. სირიის სამთავრობო არმია იბრუნებს პალმირას, ეცემა ისლამური სახელმწიფოს ბოლო ანკლავი ალეპოშიც, სირიის სიდიდით მეორე ქალაქში. 

2017 წლის ივნისში, ამერიკელების მხარდაჭერილი კოალიცია რაქას გათავისუფლების ოპერაციას იწყებს. აშშ-ის ავია იერიშების დროს იღუპებიან დაეშის პირველი პირები, აბდულ-რაჰმან მუსტაფა ალ-კადული, აბუ მოჰამედ ალ-შიმალი და უმარ ალ-შიშანის სახელით ცნობილი, საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილი. 

სირიისა და ერაყის მასშტაბით ჯიჰადისტები მასიურად გარბიან დაკავებული ტერიტორიებიდან. ტერორისტები იპარსავენ წვერს და იჭრიან თმას, რათა თავი აარიდონ სასჯელს. დაეშის რიგებს ტოვებენ ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეებიც.

დაეშელების მიერ მიტოვებული თავშესაფარი, ფოტოზე ჩანს მოჭრილი თმა და წვერი 2016 წელი ქალაქი სირტი ლიბია
ფოტო: Lorenzo Meloni

ისლამური სახელმწიფო ყოველდღიურად კარგავს ცოცხალ ძალას. ამერიკული მხარის მონაცემებით, 2014-2017 წლებში ისლამური სახელმწიფოს 60 ათასამდე წევრი მოკვდა. 

ხალიფატის აღსასრული 

მამაკაცი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დააბრმავეს 2017 წელი ირბილი სირია
ფოტო: Lorenzo Meloni

ახალი ხალიფატი იქ დასრულდა, სადაც დაიბადა. ზუსტად დაემთხვა დროც. 2017 წლის 29 ივნისს, ხალიფატის დაარსებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო ძალებმა მოსულში ალ-ნურის დიდი მეჩეთი დაიკავეს. სწორედ, აქ გამოაცხადა ხალიფატის დაარსება აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ.

ამ დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხალიფატი განადგურებულია. აქედან ორ კვირაში ერაყის სამთავრობო არმია მოსულს სრულად გაათავისუფლებს. 

დაეშის უკანასკნელი სიმაგრე, ხალიფატის დედაქალაქი რაქააა, თუმცა ისიც უკვე დაცემის პირასაა. 2017 წლის 17 ოქტომბერს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი კოალიცია რაქას იკავებს. ადგილზე აპატიმრებენ ისლამური სახელმწიფოს 2 500 წევრს. 

2018 წლის განმავლობაში მოკავშირეები ისლამური სახელმწიფოს დევნას გაარგძელებენ როგორც სირიაში, ასევე ერაყშიც. ამ დროისთვის დაეში პრაქტიკულად აღარ არსებობს. რაქას დაცემის შემდეგ დაეშის ბოლო პოზიცია სირიის ერთ-ერთი პატარა დასახლება ბაღუზია. ფრანგული არმიის დახმარებით დასახლებას 2019 წლის 23 მარტს გაათავისუფლებენ. 

26.10.2019 — ხალიფა მკვდარია

ბელგიური მალენუა ძაღლი, რომელიც ალ-ბაღდადის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა
ფოტო: brightspotcdn.com

ერთი კვირის წინ, აშშ-ის არმიის დელტას დანაყოფმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაკავების ოპერაცია დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ახალი ხალიფატის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ხალიფა სირიაში იდლიბის რაიონში იმალებოდა. ამერიკელი სამხედროების ტყვეობაში აღმოჩენილმა ხალიფამ და მისმა გარემოცვამ ამერიკელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. 

დონალდ ტრამპის თქმით, ალ-ბაღდადი ფარად მცირეწლოვან ბავშვებს იყენებდა. გაქცევის მცდელობის მიუხედავად ბოლოს ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა. ასე დასრულდა პირველი ხალიფას სიცოცხლე, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტვით, რომ მისი სიკვდილით არ დასრულებულა ისლამური სახელმწიფო. 

ამას ადასტურებს დღეს დილით მალიში მომხდარი ტერაქტიც, რომელსაც 53 ჯარისკაცი შეეწირა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ, ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

სირიასა და ერაყში დამარცხების მიუხედავად დაეშის ქსელი ამ დრომე მოქმედებს რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოში. დაჯგუფება განსაკუთრებით აქტიურია აფრიკის კონტინენტზე. 

ისლამური სახელმწიფოს აღზევებისა და დაცემის ისტორია აჩვენებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. სალაფიზმის ნიადაგზე აღმოცენებული ექსტრემისტული განწყობები საოცრად სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა.

ნებისმიერი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური სიცარიელე ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა ახალი, უფრო მძლავრი და დაუნდობელი მსოფლმხედველობის არენა გამოდგეს. სწორედ ამას აჩვენებს ისლამური სახელმწიფოს აღზევებისა და დაცემის ისტორია.

კომენტარები