კრიმინალი

პროკურატურა: ცოლ-ქმარმა 6 ადამიანი მოატყუა, რომ დიდ ბრიტანეთში დაასაქმებდა და 36 906 ლარს დაეუფლა

shutterstock

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ორი ადამიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქის თანხას მოტყუებით დაეუფლა. საუბარია 36 906 ლარზე.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, ისინი დიდ ბრიტანეთში წაეყვანათ და დაესაქმებინათ. დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ კი, 2018 წლის ივლისისა და აგვისტოში, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების დიდი ოდენობით თანხას, საერთო ჯამში - 36 906 ლარს", - ამბობენ პროკურატურაში.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს ჯგუფურ თაღლითობას, მოტყუებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და თ.ა. და კ.ტ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ.

კომენტარები