დღეს, 26 ოქტომბერს იპოდრომის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონლის გამოფენა და შეჯიბრი გაიმართება. ინფორმაცია ფერმერთა ასოციაციის გვერდზე არის გავრცელებული.
მესაქონლეობის ექსპო – 2019 საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.
"მესაქონლეობის ექსპოს ჩატარების მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები."
„მესაქონლეობის ექსპო“ ოთხი ძრითადი ნაწილისგან შედგება:
მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრი (I დღე)
მსხვილფეხა საქონლის პროდუქტების გამოფენა (I დღე)
სასკოლო ტურები მოსწავლეების მონაწილეობით (I დღე)
დახურული სემინარი ფერმერებისთვის (II დღე)
მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდება ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი საქონელი სხვადასხვა კატეგორიაში (სულ 14 საპრიზო ადგილი).
ცხოველის შეფასების კრიტერიუმები:
სიმაღლე; გულმკერდის გარშემოწერილობა; სხეულის სიღრმე; ნეკნების კუთხურობა; გავის კუთხე; გავის სიგანე; უკანა ფეხების უკანა ხედი; უკანა ფეხების დგომა; ფეხის კუთხე; ცურის წინა კუთხე; ცურის წინა კერტების განთავსება; ცურის კერტების სიგრძე; ცურის სიღრმე; ცურის უკანა სიმაღლე; ცენტრალური ლიგამენტი; ცურის უკანა კერტების პოზიცია; ლოკომოტივი; სხეულის მდგომარეობა. ხბოები და დეკეულები შეფასდებიან მხოლოდ ტიპის, ტერფების, ფეხების და მათი მოძრაობის (ლოკომოტივის) მიხედვით.





