ტაქსები თბილისში

თბილისის მერია ტაქსებში სისუფთავეს გააკონტროლებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მომდევნო ეტაპზე შეიქმნება კონტროლის მექანიზმი, რომელიც ტაქსების სისუფთავეს შეამოწმებს. 

მისი თქმით, პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები უფასოდ მიიღონ.

"SMS-ების საშუალებით მოგაწვდით ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ ინფორმაციას, სადაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეგეძლებათ მისვლა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მერიაში მოსვლა და ვაუჩერის მიღება. პირდაპირ შეძლებთ მიხვიდეთ, ისარგებლოთ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით და მიიღოთ ფასდაკლების ბარათები"- თქვა კალაძემ. 

კახა კალაძემ ტაქსების რაოდენობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად დედაქალაქში A კატეგორიის 9000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია. 

...........

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეგულაციის მეორე ფაზა ამოქმედდა. ახალი რეგულაციით ტაქსები ორ A და B კატეგორიებად იყოფა. 

A კატეგორიის ლიცენზირებულ ტაქსებს გარკვეული პრივილიეგები ენიჭებათ, მათ შორის მგზავრის ქუჩიდან აყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ამისთვის აუცილებელია ავტომობილი თეთრი ფერის იყოს. B კატეგორიის ტაქსებს არ აქვთ ვალდებულება ავტომობილი თეთრი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ქუჩიდან მგზავრის აყვანის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ტაქსების რეგულაციის ამოქმედების შემდგომ, სულ 26 ათასი ლიცენზია გაიცა, მაგრამ ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, შესაბამისად მათ ჩამოერთვათ მუშაობის უფლებაც, რამაც ქალაქში როგორც ტაქსების დეფიციტი, ასევე ტარიფების საგრძნობლად გაძვირება გამოიწვია.

ამ ეტაპზე, ტაქსების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სახელმწიფოს მხირდან წარდგენილ პირობებს 16,900ია. გამოდის, რომ 9 ათასმდე ადამიანი ამ დროისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა.

ახალი შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, სოციალური ქსელში გახშირდა ტაქსის მომხმარებლების ჩივილები ტაქსის ტარიფების გაძვირების შესახებ. ამ რეფორმის შედეგად ტაქსის გაძვირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს რეფორმის ინიციატორი, თბილისი მერი კახა კალაძე.

დაშვება, რომ კალაძე მართალია და ფასები ტაქსზე არ გაზრდილა საკმაოდ უსაფუძვლოა რაციონალური ეკონომიკური პერსპექტივიდან. საქმე ისაა, რომ მოკლე დროში თბილისში ტაქსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო მოთხოვნა იგივე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები ამ მომსახურებაზე აუცილებლად გაიზრდებოდა.

შესაბამისად, გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპოტრის მომხმარებლის რიცხვიც, განსაკუთრებით სტრაფი გადაადგილების საშუალებაზე - მეტროზე.

კომენტარები