ილია მეორე

ილია II: წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს [სვეტიცხოვლობას]. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევეში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.

თქვა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები