აშშ-საუდის არაბეთი

აშშ საუდის არაბეთში დამატებით 1,800 ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას გზავნის

AFP

პენტაგონში განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის თავდაცვის გაზრდის მიზნით ქვეყანაში დამატებით 1,800-მდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებს და თავდაცვის სისტემებს გზავნის.

პენტაგონში ამბობენ, რომ მიზანს ირანისაგან მომავალი საფრთხისაგან საუდის არაბეთის და რეგიონის დაცვა წარმოადგენს.

აშშ-მა საუდის არაბეთში სამხედრო წარმომადგენლობა სექტემბერში სამეფოს ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაზარდა. თავდასხმაში აშშ-ცა და საუდის არაბეთის ირანს ადანაშაულებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები იდგნენ და ეს მათი პასუხია იემენში საუდის არაბეთის კოალიციის ქმედებებზე. თავდასხმის შემდეგ აშშ-მა სამეფოში ჯარისკაცების რაოდენობა ბოლო თვეში, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების ჩათვლით, ჯამში 3,000-ით გაზარდა, მიმდინარე წლის მაისიდან კი ჯამში 14,000-ით.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აბობენ, რომ სამხედრო მხარდაჭერა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანი ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გარდა მიმდინარე წელს სპარსეთის ყურეში რამდენიმე ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც დაადანაშაულა, რასაც ირანი ასევე უარყოფს.

საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის და ირანში წარმოებული კამპანიის გამო აშშ-ის კონგრესმა საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის დაბლოკვა სცადა, თუმცა ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენა. როგორც დემოკრატ, ასევე რესპუბლიკელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისათვის მიწოდებული იარაღი შესაძლოა იემენში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის პარალელურად დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროები გამოიყვანა და ქურთი მოკავშირეების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციას გზა გაუხსნა. მიზეზად ტრამპმა თქვა, რომ დროა აშშ დაუსრულებელი ომებიდან გამოვიდეს. მას წარსულშიც არაერთხელ გაუკრიტიკებია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობა. კონგრესში კრიტიკა ტრამპის ამ გადაწყვეტილებამაც გამოიწვია. კანონმდებლები თურქეთისათვის სანქციების დაწესების კანონპროექტზე მუშაობენ.

კომენტარები