დონალდ ტრამპი

ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიების გამო დემოკრატ კონგრესმენებს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საიმპიჩმენტო გამოძიებაზე ისაუბრა და დემოკრატი კონგრესმენები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

ტრამპის თქმით ბაიდენი და მისი შვილი კორუმპირებულები არიან, ხოლო წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი დაბალი კლასის არასაიმედო ადამიანია. ტრამპს მიაჩნია, რომ შიფი სადაზვერვო უწყების თანამშრომლის საჩივრის დაწერაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოუდგენია.

"მის წინააღმდეგ გამოძიება სამშობლოს ღალატისთვის უნდა დაიწყონ. მან პოსტი სამარცხვინოდ უნდა დატოვოს." თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ "ლეგიტიმური განგაშის ამტეხები" უნდა დაიცვან, თუმცა ამ შემთხვევაში, მას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორი ჯაშუშია:

"ქვეყანამ უნდა იცოდეს ვინ არის ეს ადამიანი იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ის ჯაშუშია."

ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი ნენსი პელოსიც გააკრიტიკა და თქვა, რომ მან საკუთარ ქალაქს, სან ფრანცისკოს უნდა მიხედოს, რომელიც, ტრამპის თქმით "უსახლკაროთა კარვების ქალაქად" იქცა.

მანამდე ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"არაფრის მაქნისი დემოკრატები უნდა ფოკუსირდნენ ქვეყნის აღმშენებლობაზე და არა ყველას დროის და ენერგიის სისულელეზე კარგვაზე. ისინი ამას აკეთებენ მას შემდეგ, რაც 2016 წელს უდავოდ გავიმარჯვე. ამჯერად უკეთესი კანდიდატი წარადგინეთ, დაგჭირდებათ!"

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები