გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთარ კახიძემ ვასაძეს ჰკითხა, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ოთარ ფარცხალაძის მიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე - "იმიტომ ხომ არა, რომ ფარცხალაძე თქვენი მეგობარია?" 

ოთარ კახიძე: 2014 წლის იანვარში როცა თქვენ დაინიშნეთ შესაბამის სამსახურში, საგამოძიებო ნაწილში, უფროსად, ამას წინ უძღოდა ოთარ ფარცხალაძის გადადგომა და ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის სკანდალური განცხადება, რომ ის საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს და ოთარ ფარცხალაძემ და დიმიტრი დარბაისელმა მასზე ზეწოლა განახორციელეს. 

ამასთან დაკავშირებით გაკეთდა სხვადასხვა ტიპის განცხადებები, მათ შორის იყო მოწოდება პროკურატურის მიმართ, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ეს მოწოდება გააკეთა სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და სხვებმა. 

რატომ არ დაიწყეთ გამოძიება? 

მამუკა ვასაძე: არ მახსენდება მე პირადად საგამოძიებო ნაწილში კონკრეტული კორესპონდენცია. ფიზიკურად არ მახსენდება. სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ვიცი, რომ ამაზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურეობრივი შემოწმება, ეს იყო სასჯელაღსრულების დანაყოფის გენერალური ინსპექცია, რომლის მასალები დღესაც არსებობს. 

ოთარ კახიძე: თქვენ ხომ იცით, რომ რომც არ ყოფილიყო სპეციალური კორესპონდენცია, მოწოდება არსებობდა და მედიიდან გავრცელებული მასალაც იყო. შეტყობინება დანაშაულის შესახებ არ არის სამსახურეობრივი შემოწმების საგანი, გამოძიების საგანია. თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყავით, დაგეწყოთ გამოძიება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო, ეს გამოძიება არ დაიწყეთ. არსებობს რაღაც ვარაუდი, ეჭვი, რომ თქვენი მეგობარი, კოლეგა იყო დანაშაულში გარეული და ამიტომ არ დაიწყეთ გამოძიება. რამე სხვა მიზეზი ხომ არ გაქვთ, რის გამოც გამოძიება არ დაიწყეთ. 

მამუკა ვასაძე: სხვა მიზეზი არ მაქვს. როგორც კი ცნობილი გახდა ამის შესახებ საგამოძიებო დანაყოფისთვის, გამოძიება დაწყებული იქნა.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა. 

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი ციხეში დატოვების საფუძველი.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან

მამუკა ვასაძე 2015 წლის ნოემბრიდან საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა. 

ვიდრე მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობს, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო. ბევრ საქმეში, დაზარალებულებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ესენია: 

  • სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები (ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე)
  • არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;
  • სამართალდამცველთა მხრიდან უფლებების სავარაუდო დარღვევის არაეფექტიანი გამოძიება (ბირჟა-მაფიას საქმე; კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები; ზვიად რატიანის საქმე და სხვა);
  • წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიება8 (კორცხელის ინციდენტი და სხვა)
  • სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე სავარაუდო ზეწოლის არაეფექტიანი გამოძიებები (სავარაუდო მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ)
  • სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ამ სისტემასთან კავშირში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტი, იუსტიციის საბჭოში ელექტრონული არქივის წაშლის ფაქტი, საგამოცდო ტესტების გაჟონვის საქმე)
  • სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (ე.წ. საბურავების საქმე, 2015 წელს ინტერნეტში გავრცელებული საუბრის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელიც ეხება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას და სხვა)
  • სხვა გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები: (ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა საჩივარი წილების იძულებით დათმობის შესახებ, აფგან მუხთარლის საქმე, ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე, დეკანოზ მამალაძის საქმე, დემურ სტურუას საქმე, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე, TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმე, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე21 და სხვა)

მამუკა ვასაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. 

კომენტარები