მეშახტეების გაფიცვა

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ხელფასის მიღებამდე შახტებიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ

flickr.com

ტყიბულში 30-მდე გაფიცული მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს ამბობს მანამ, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ და ინფორმაციას არ მიაწვდიან იმაზე, თუ როდის აღდგება ნახშირმოპოვებითი პროცესი.   

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" ინფორმაციით, მეშახტეებს ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანია ვერ ამბობს, თუ როდის დაურიცხავენ მათ ხელფასებს. 

"საქნახშირის" თქმით, ამ დროისთვის კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. 

"კომპანია "საქნახშირისა" და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასის გაცემა, სადაზღვეო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში. ამ დროისთვის "საქნახშირი" დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულთათვისაც,"-წერია "საქნახშირის" განცხადებაში. 

მათივე თქმით, აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ სახელმწიფოსთან ერთად, რათა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთობლივად გამონახონ. 

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისიდან ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება.   

ნახშირმოპოვებითი სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო 2018 წლის 16 ივლისს ჭერი ჩამოიშალა. ჩამოშლის შედეგად ოთხი ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა. 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი 2018 წლის აპრილშიც დაიღუპა.

კომენტარები