ევსაქების და თავდემების ინიციატივა

კემულარია: აუცილებელია, ყველამ თქვას, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილთან არ ითანამშრომლებს

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაარსებული პარტიის "გამარჯვებული საქართველოს" წევრი კოტე კემულარია ამბობს, რომ მათი პარტია არცერთ შემთხვევაში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან მომავალში არ ითანამშრომლებს. კემულარია ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას აფასებს, პარტიები მოუწოდებენ ყველა პროდასავლურ ძალას, რომ არჩევნებამდე ღიად დააფიქსირონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

"ჩვენ თავიდანვე როცა დავარსდით განვაცხადეთ, რომ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, რომელიც არ შექმნიდა კოალიციას ბიძინა ივანიშვილთან. ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, გარდა იმ ძალისა, რომელიც რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და ეს არის სწორედ ქართული ოცნება და ჩვენ, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ შევქმნით მათთან კოალიციას. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება ისე, რომ ისინი არ იქნებიან მიზიდულობის ცენტრი მომავალ პარლამენტში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ არ ვითანამშრომლებთ მათთან," - ამბობს კემულარია ტაბულასთან საუბარში.

რაც შეეხება თავად ინიციატივას, კემულარია ამბობს, რომ აუცილებელია ყველა პროდასავლურმა პარტიამ არჩევნებამდე ამაზე ღიად ისაუბროს და პოზიცია დააფიქსიროს. 

"რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიმეოროთ ეს, მე მოვუწოდებდი ყველას, ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებს ამისკენ. ყველას უნდა გვქონდეს ეს გზავნილი ჩვენი ამომრჩევლისთვის, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ამ ჭკუაზე: პროდასავლური გზით საქართველოს ტარება და საქართველოსგან მმართველობისგან ამ უსუსური უნიათო ძალის ჩამოშორება, რომელიც რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას, ძალადობს, თვალებს თხრის ახალგაზრდებს, მოსპობით ემუქრება პოლიტიკურ ძალებს და ხან სექტას ეძახის და ხან რას. არავითარ შემთხვევაში მათთან არ შევქმნათ არანაირი კოალიცია და არც ამის იმედი არ მივცეთ მათ. ეს იქნება ძალიან კარგი და არის აუცილებელი," - ამბობს კემულარია.

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს.

კომენტარები