ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ადამიანის სიმაღლის გიგანტური პინგვინის ჩონჩხი აღმოაჩინეს

CANTERBURY MUSEUM / BBC

ახალ ზელანდიაში გიგანტური პინგვინის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის სიმაღლის იყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს

აღმოჩენილი ცხოველის ჩონჩხის მიხედვით, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის სიმაღლეში 1.6 მეტრი იყო და 80 კილოგრამამდე იწონიდა. 

გიგანტური პინგვინი პალეოცენის ეპოქაში ცხოვრობდა, დაახლოებით, 66-56 მილიონი წლის წინ. 

ცხოველი, რომელსაც სამუშაო სახელად კენტერბერის მუზეუმში "მონსტრი პინგვინი" უწოდეს, იმ სიაში მოხვდა, სადაც ახალი ზელანდიის გიგანტური ფაუნაა თავმოყრილი - თუთიყუშები, არწივები, მტაცებელი ღამურები და მოა. 

"ეს არის პინგვინების ერთერთი ყველაზე დიდი სახეობა, რომელიც აქამდე აღმოჩენილია," - ამბობს მუზეუმის უფროსი კურატორი პოლ სკოფილდი BBC-ისთან საუბარში. 

სკოფილდის თქმით, პინგვინების ეს სახეობა სამხრეთ ნახევარსფეროს წყლებისთვის იყო დამახასიათებელი. ის განმარტავს, რომ პინგვინები იმიტომ გახდნენ ასეთი დიდები, რომ ზღვის დიდი ზომის ხერხემლიანი ძუძუმწოვრები, დაახლოებით, იმ პერიოდში გადაშენდნენ, როცა დინოზავრები. 

"ამის შემდეგ, 30 მილიონი წლის განმავლობაში გიგანტური პინგვინების დრო იყო" - ამბობს ის. 

დღესდღეობით პინგვინების ყველაზე დიდი სახეობა სამეფო პინგვინია, რომელიც სიმაღლეში 1.2 მეტრამდე იზრდება. 

"ვფიქრობთ, რომ იმ პერიოდში ცხოველები ძალიან სწრაფად ვითარდებოდნენ. ახალ ზელანდიაში წყლის ტემპერატურა მაშინ იდეალური იყო, დაახლოებით 25C, იმასთან შედარებით, რაც ახლა გვაქვს - 8C" - ამბობს სკოფილდი.

კომენტარები