ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით კოკაინის შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის პირს 18 წელი მიუსაჯეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის უკანონო შეძენა, შენახვაში და საქართველოში უკანონო შემოტანაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული უცხოეთის მოქალაქეა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.რ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2522,870292 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში," - წერია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.რ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა).

კომენტარები