ბახტაძე აშშ-ის საელჩოზე: TBC-ზე უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი

მთავრობის ადმინისტრაცია

"აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენაზე თქვა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ „თიბისი“ ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან - ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი“ ბანკი არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას. რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს განცხადებას, ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენის კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ამერიკის საელჩოსგან დამატებითი განმარტებები მოითხოვა.

კომენტარები